ოპოზიციას უნდა „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში“ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის სახელი ჩაიწეროს – არ ჩაიწერება! არ იარსებებს კანონი, რომელიც პირდაპირ ბიძინა ბიძინაშვილს ეხება, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა გააკეთა.
მისივე თქმით, დეოლიგაქიზაციის თაობაზე ობიექტურად დადგენილი კრიტერიუმები აქვს უკრაინას, ამიტომ ითარგმნა უკრაინული კანონი და საქართველოს პარლამენტი უკრაინული კანონის ანალოგიურ კანონს მიიღებს.
დავითულიანი იმასაც ამბობს, რომ პირადად მისი აზრით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი საქართველოს შემთხვევაში აქტუალური და ადეკვატური არ არის, მაგრამ რაკი ქვეყანას მის მიღებაზე ევროკომისიამ მიუთითა, უკრაინული კანონის დამუშავება მოხდა.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ მიღება არის ევროკავშირის რეკომენდაცია. ჩვენ როგორც რეკომენდაციების დანარჩენ პუნქტს, ამასაც შევასრულებთ. დეოლიგარქიზაციის შესახებ ერთადერთი მოქმედი კანონი აქვს უკრაინას – შესაბამისად, ჩვენ უკრაინული კანონი ავიღეთ, პირდაპირ გადმოვთარგმნეთ და სამუშაო ჯგუფში წარვადგინეთ, რათა მისი ქართული ანალოგი შეიქმნას.
ოპოზიციამ, რომელიც აქამდე სულ ოლიგარქიზაციის პრობლემაზე საუბრობდა, აღნიშნული კანონის მიღებაზე უარს ამბობს.
კანონს ოთხი ძირითადი პრინციპი აქვს, რომელიც ადგენს, თუ ვის შეიძლება დაერქვას ოლიგარქი. ეს კრიტერიუმებია: პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, მედიის დაფინანსება, ბაზარზე დომინანტური წილი იმ ქვეყანაში, სადაც ხარ და 85 მილიონის ქონა – ვისაც შეეხება, მას შეეხება. ვინც ამ ოთხ კრიტერიუმს დაექვემდებარება, სანქციები მის მიმართ გატარდება.
ოპოზიციის რეაქციებით ვხვდებით, რომ კანონი მათ დამფინანსებლებს შეეხებათ და მისი მიღება ამიტომაც არ უნდათ.
ერთადერთი პრეცედენტი, ვისაც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი გააჩნია, არის უკრაინა – რაც უკრაინულ კანონში წერია, ჩვენ ის გადმოგვაქვს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.