საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში უცხოელმა ექსპერტებმა მოინახულეს. როგორც ნევროლოგმა შაჰინ ემანუელ ლახანმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა მიმართულებით კვლევები ჩაუტარდა, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რიგი პრობლემები გამოიკვეთა.
მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის პრობლემებზეა საუბარი და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი საბოლოო დასკვნაში ჩაიწერება.
“ჩვენ ჩავატარეთ სრული გამოკვლევა, მათ შორის ნევროლოგიური გამოკვლევა, გამოვიკვლიეთ მისი ტვინი, მისი კუნთები, ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ არის პრობლემების პროგრესული დეფიციტი, მიმდინარეობს აქტიური გამოკვლევა ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზების”, – თქვა მან.
რაც შეეხება ნობელიანტ ექიმს, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შაბათს ჩამოვიდა და რომელსაც ამ დრომდე მისი მონახულების საშუალება არ მიეცა, თქვა, რომ წინასწარ, პაციენტის ნახვამდე, დასკვნებს ვერ გააკეთებს. ის იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება ხვალ მიეცემა.
“მე ჩამოვედი შაბათს, ველოდები, რომ დავაკვირდე პაციენტს. ვერ ვიტყვი დასკვნებს, სანამ არ ვნახავ პაციენტს და დაველაპარაკები. მე ყველა ეს დოკუმენტები კვირების წინ გავაგზავნე და ჯერ კიდევ ველი დასტურს. ვარ მოქმედი ექიმი, ასობით ოპერაცია ჩამიტარებია, ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია. იმედია ხვალ დილას მივიღებ თანხმობას”, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გუშინ, პალატაში ჩატარებული იძულებითი სასამართლო სხდომის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. სხდომა მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის გამო შეწყდა.