2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5 პროცენტით (113.5 ლარით) გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 368.1 ლარი (წინა წელთან შედარებით 9.8 პროცენტით გაიზარდა);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 075.3 ლარი (წინა წელთან შედარებით 12.0 პროცენტით გაიზარდა);
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 030.9 ლარი (წინა წელთან შედარებით 7.7 პროცენტით გაიზარდა).
მათივე ინფორმაციით, 2021 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 055.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 537.9 ლარით განისაზღვრა.
„ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში – 10.8 პროცენტი, კაცებში – 9.2 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების საშუალო თვიური ხელფასი ქალების საშუალო თვიურ ხელფასს თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა.
2021 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით, 291.4 ლარით ნაკლებიიყო.
ამასთან, 2020 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 9.6 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 117.2 და 1 408.7 ლარი შეადგინა.
2021 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 10.2 პროცენტით გაიზარდა და 1 347.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 346.2 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 11.6 პროცენტით), ასევე ინფორმაცია და კომუნიკაციის (2 045.3 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.9 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.
2021 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 8.1 პროცენტით და 1 228.0 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს აქვთ.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ლიდერობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.