ბელარუსი ქათმის, კვერცხისა და რძის პროდუქტების ექსპორტს დროებით კრძალავს. პირველ ეტაპზე პროდუქციის გატანა აიკრძალება რუსეთში, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, გამორიცხული არ არის, რომ შემდგომ ეტაპზე ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც შეჩერდეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექსპორტის აკრძალვის მთავარი მიზეზებია – ადგილობრივ ბაზარზე ფასების რეგულირება და ამასთან, იგივე შიდა ბაზრის პროდუქციის საჭირო რაოდენობით მომარაგება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ 5 პროდუქტის ჩამონათვალს, რასაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობს ბელარუსში: (2022 წლის იანვარ-აგვისტო)
- რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით – 7,885 მლნ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80% ან მეტი – 6,748 მლნ დოლარი
- ფილები მერქანბოჭკოვანი მერქნის ან სხვა გამერქნებული მასალებისაგან – 3,308 მლნ დოლარი
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 2,522 მლნ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 2,431 მლნ დოლარი
რაც შეეხება სხვა აკრძალულ პროდუქტს, საქსტატის მონაცემებით, კვერცხის იმპორტი ბელარუსიდან არ ხორციელდება. წელს 8 თვეში კი ყველი და ხაჭო 254,7 ათასი დოლარის ვიყიდეთ, ფრინველის ხორცი (გაყინული) კი 72,8 ათასი დოლარი. მთლიანად კი 2022 წლის 8 თვეში საქართველომ ბელარუსში 48,946 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, რაც 15 მლნ დოლარზე მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ბელარუსიდან იმპორტმა 33,896 მლნ დოლარი შეადგინა.