საქართველოს ზოგიერთი ელჩით აბსოლუტურად აღტაცებული ვარ, ზოგიერთს კი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ელჩად კი არა ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს უსმენენ.
ელისაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვა სხვადასხვა ქვეყანაში დანიშნული საქართველოს ელჩების და მათი მუშაობის ეფექტურობის შესახებ დაუსვა.
„ფაქტია, პატარა ღარიბი ქვეყანა ვართ. ელჩი ყველგან არ გვყავს. ვიცით, რომ ზოგიერთი ელჩი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას ფარავს, მაგრამ ისიც ფუფუნებაა, რომ ჩვენნაირი ღარიბი ქვეყანა ბევრ ქვეყანაში ელჩებით არის წარმოდგენილი და წესით ისინი ძალიან ეფექტურად უნდა მუშაობდნენ და ყველანი სახელმწიფოს სამსახურში უნდა ათენებდნენ და აღამებდნენ. მე პირადად დიდი კვლევა არ ჩამიტარებია, რამდენიმე ვიზიტით პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ვიყავი და რამდენიმე ელჩს შევხვდი. ზოგიერთით აბსოლუტურად აღტაცებული ვიყავი და ვარ, ზოგიერთ ელჩს კი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ელჩად კი არა ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი. ნუ, ერთ-ერთი აღარ არის ელჩი ღვთის წყალობით. ამის გარდა, სხვადასხვა ელჩზე უამრავი ჭორ-მართალი მსმენია, რომ ზოგი ძირითად საკუთარი ცხოვრების კეთილმოწყობით არის დაკავებული და ა.შ. მაგრამ მე ჭორებზე არ ვილაპარაკებ. მე მაინტერესებს, გაქვთ თუ არა რაიმე კრიტერიუმები, როგორ აფასებთ ვინ მუშაობს კარგად, ვინ ცუდად და ვინ რით არის დაკავებული. რა კრიტერიუმები გაქვთ, რომლითაც იტყვით, რომ ეს არის ყოჩაღი, დაწინაურებას იმსახურებს, ვიღაცა დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს და ა.შ. მხოლოდ ჭორები რომ არ მესმოდეს ხოლმე სხვადასხვა ელჩთან დაკავშირებით”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.