დეგნანი: როდესაც სანქციებს ვაწესებთ, ეს საჯაროდ ცხადდება, წინასწარ ამის განხილვა არ ხდება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ეს ცხადდება საჯაროდ და წინასწარ ამის განხილვა არ ხდება.

ამასთან ერთად, ჟურნალისტების შეკითხვას უკრაინის მთავრობის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დეგნანმა აღნიშნა, რომ “ეს შეკითხვა უკრაინის მთავრობას და პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მიემართოს”.

“რაც შეეხება აშშ-ს, როდესაც ჩვენ რაიმე სანქციებს ვაწესებთ, ეს ცხადდება საჯაროდ, ქვეყნდება ვებგვერდზე და წინასწარ არ ხდება ამის განხილვა”. – თქვა დეგნანმა.

20 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები და ახლობლებიც შედიან. განკარგულება პრეზიდენტის გვერდზეა გამოქვეყნებული.

უკრაინის მიერ სანქცირებული 256 პირიდან 4 საქართველოს მოქალაქეა, რომელთაც კავშირი აქვთ ბიძინა ივანიშვილთან.

სანქცირებულთა შორის არიან: ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილის შვილი, ტატე მამაცაშვილი და ქეთევან ხარაიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share