24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ევროპის შუაგულში ომი გააჩაღა.
ამ დღემდე ის საკუთარ ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც მაინც მიიჩნეოდა ნიჭიერ მსახიობად, რომელიც ბედისწერის უცნაური სვლით აღმოჩნდა ქვეყნის სათავეში. შესაბამისად, როდესაც პუტინის რეჟიმის აგრესია სრულიად რეალური გახდა, გაჩნდა კითხვები:
რას იზამდა უკრაინის პრეზიდენტი, როგორ მოახერხებდა ქვეყნის გაძღოლას ამ უმძიმესი დაპირისპირების დროს?
დღეს ამ კითხვებზე პასუხი უკვე გაცემულია.
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ყველგან არის, დაბომბვის საფრთხის ქვეშ კიევის ქუჩებში დადის და წერს ვიდეომიმართვებს, მიდის საავადმყოფოებში დაჭრილთა მოსანახულებლად, წამყვანი ქვეყნების პარლამენტებს მიმართავს ტელეხიდით და ყველა იმ შეცდომაზე ხმამაღლა მიუთითებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთთან ურთიერთობაში დაუშვა… ის არის მშვიდი, გაწონასწორებული და ბრძოლის ჟინით სავსე. მას უსმენენ, ენდობიან და მისი გამარჯვების სჯერათ.
ორიოდე დღის წინ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიზე ისაუბრა და ომის პირველი დღეები გაიხსენა, როდესაც დასავლელი პარტნიორები თუ პირადი დაცვა, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჟინებით სთხოვდნენ, ქვეყნიდან ევაკუაციას.
“ძალიან შეცდა ყველა, ვინც ის სუსტ ლიდერად, პატარა მსახიობად მიიჩნია. გახსოვთ, მან პირველივე დღეებში უარი თქვა ევაკუაციაზე, რასაც უცხოელი პარტნიორები და პირადი დაცვაც დაჟინებით სთხოვდნენ, რადგან გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, რომ რუსული დესანტი მის მოსაკლავად იყო შემოსული. მან თქვა, – ავიღებ ავტომატს და ვიომებ, რა პრობლემააო. პირველი 48 საათი გახსოვთ, ხომ, რა ხდებოდა, დესანტი გადმოსხეს, “ბოევიკები“ გამოჩნდნენ, არავინ იცოდა რით დასრულებოდა ეს ყველაფერი, 2-ჯერ იყო სროლა პრეზიდენტის სასახლესთან. მან კატეგორიულად გვითხრა, – დახურეთ ევაკუაციის თემა, არასად წავალ, სულ რომ ათი დესანტი გადმოსხან და რაკეტები გვესროლონო… ბევრი მე მაქებს გადამდები სიმშვიდის გამო, უნდა გითხრათ, რომ ათჯერ უფრო მშვიდია პრეზიდენტი, ის თავის სტიქიაშია, საოცარი ენერგეტიკით, მასში გაიღვიძა ნამდვილმა ლიდერმა…“ – განაცხადა არსეტოვიჩმა, რომლის თქმითაც ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს თავისუფალი სამყაროს ლიდერია.
“მას ახლა უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს, მაგრამ, გავიხსენოთ, რომ ეს ავტორიტეტი მაშინ მოიპოვა, როცა გაუძლო პირველი დღეების დარტყმებს. ბრძოლაში, პირადი მამაცობით მოიპოვა ეს ავტორიტეტი. მთელ მსოფლიოში მის მიმართ უზარმაზარი ნდობა არსებობს. ამერიკელები ხუმრობენ, პრეზიდენტის არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, აქაც აირჩევენო. ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, ლიდერების გვერდის ავლით პირდაპირ მიმართოს პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს…
ის ახლა თავისუფალი სამყაროს ლიდერია, მან ეს ლიდერობა მოიპოვა მას მერე, რაც გაუძლო უამრავ რამეს, პირადი ლიკვიდაციის საფრთხეს, დარტყმებს, გაურკვევლობას. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, არავისი თაყვანისცემა გვჩვევია, მაგრამ ვხედავთ, რომ დღეს მსოფლიო ლიდერები, ხალხები, მედია მას უყურებენ დიდი პატივისცემით. შეხედეთ მის რუს მოწინააღმდეგეს და შეადარეთ პრეზიდენტი, რომელიც ბუნკერში ზის და არავის ეჩვენება და პრეზიდენტი, რომელიც ჰოსპიტლებში მიდის დაჭრილების მოსანახულებლად, იღებს ვიდეოებს ქუჩაში დაბომბვის საფრთხის ქვეშ… ის ჩვენთან, ყველასთან გამორჩეული პატივისცემით ურთიერთობს, ყველას აზრს ისმენს, ეს მისი ძლიერი მხარეა, დღეს მის გარშემო ყველას აქვს სიტყვის უფლება, ის იმ ოპერატორების აზრსაც კი ითვალისწინებს, რომლებიც მის ვიდეომიმართვებს წერენ…“- განაცხადა არესტოვიჩმა.
ambebi.ge