სასამართლომ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ბასილაშვილი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება განმარტა. ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრისას მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ თქვა:

“გამოვიკვლიეთ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, სადაც მოვისმინეთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს, ასევე, არის ეპიზოდები, სადაც არის ბილწსიტყვაობა და ამის საპირწონედ გვქონდა, ამავე ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ქმედებები ქრონოლოგიაში და ამ ჩანაწერების მიხედვით, თავად ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო დამცირების შემთხვევები და იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება”.

მოსამართლის თქმით, ალტერნატიული ექსპერტიზის ფარგლებში დაცვის მხარემ წარადგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა:

“ამ დასკვნიდან გამომდინარე ბრალდების ტვირთი ერთგვარად გაიზარდა. ბრალდების მხარეს ერთის მხრივ უნდა დაედასტურებინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და მეორეს მხრივ ბრალდების მხარეს უნდა გაებათილებინა ის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით ასე არ მოხდა”.

ნელი დოროყაშვილი აცხადებდა, რომ ქორწინების პერიოდში ნიკოლოზ ბასილაშვილი მასზე ეკონომიკურად ძალადობა და უბლოკავდა ბარათებს. მოსამართლე ხარჩილავა ამბობს, რომ ნელი დოროყაშვილმა ეკონომიკური ძალადობის შემთხვევები მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა.

რაც შეეხება გენდერულ დისკრიმინაციას, მოსამართლე ამბობს, რომ მიუხედავად ნელი დოროყაშვილის განცხადებისა, მისი მიმოწერებითა და ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის ჩვენებიდან გამომდინარე, დისკრიმინაცია არ დგინდება.

ფიზიკური ძალადობის ბრალდებასთან დაკავშირებით, მოსამართლემ დეტალურად განიხილა ამერიკის ეპიზოდი. ნელი დოროყაშვილი ყვებოდა, რომ ამერიკაში ყოფნის დროს, სასტუმროში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასზე ხანგრძლივად იძალა და ჩოგნებით დატვირთული ჩანთაც დაარტყა.

“სასამართლოს გაუჩნდა სამართლებრივად გონივრული მოლოდინი, რომ თვითდახმარების მიზნით, ფარული ვიდეოჩანაწერის შემდგომ ნელი დოროყაშვილი წაბრძანდებოდა ამერიკაში, პოლიციის განყოფილება და ამ ჩანაწერს წარადგენდა. მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ჩანაწერის წარდგენა ხდება 2 წლის შემდგომ საქართველოში. ანუ სახეზეა დაგვიანებულია მიმართვიანობა”, – თქვა ხათუნა ხარჩილავამ.

ფიზიკური ძალადობის ბრალდებასთან დაკავშირებით, მოსამართლემ დეტალურად განიხილა ამერიკის ეპიზოდი. ნელი დოროყაშვილი ყვებოდა, რომ ამერიკაში ყოფნის დროს, სასტუმროში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასზე ხანგრძლივად იძალა და ჩოგნებით დატვირთული ჩანთაც დაარტყა.

“სასამართლოს გაუჩნდა სამართლებრივად გონივრული მოლოდინი, რომ თვითდახმარების მიზნით, ფარული ვიდეოჩანაწერის შემდგომ ნელი დოროყაშვილი წაბრძანდებოდა ამერიკაში, პოლიციის განყოფილება და ამ ჩანაწერს წარადგენდა. მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ჩანაწერის წარდგენა ხდება 2 წლის შემდგომ საქართველოში. ანუ სახეზეა დაგვიანებულია მიმართვიანობა”, – თქვა ხათუნა ხარჩილავამ. გარდა ამისა, მოსამართლემ განაცხადა, რომ სასტუმროდან ნელი დოროყაშვილი წავიდა დაბადების დღეზე, სადაც ყვებოდა არა ძალადობის არამედ იმის შესახებ, რომ ჰყავს “ცუდი დედამთილი, რომელიც უხეშად ერევა მეუღლის თანაცხოვრებაში”.

“სამედიცინო ექსპერტიზა არ გვაქვს, რადგან ექსპერტიზა არ ჩაიტარა იმ ეტაპზე ნელი დოროყაშვილმა. გვაქვს ფოტო, რომელიც გამოიკვლია დაცვის მხარემ. ამ ფოტოს მიხედვით, ამ შესაძლო ძალადობის შემდეგ ნელი დოროყაშვილი იმყოფება ერთ-ერთ დაწესებულებაში, ჩანს თითქმის მთელი მისი სხეული, თუმცა არც ამ ფოტოზე არ ჩანს ძალადობის ფაქტი. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, ობიექტური დამკვირვებლის თვალში აშკარად და ერთმნიშვნელოვნად ძალადობის ფაქტი არ ჩანს”.

რაც შეეხება 2020 წლის მაისს ეპიზოდს, რის შემდეგაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს, მოსამართლე ამბობს, რომ სათვალთვალო კამერებიდან ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.

***

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. 2022 წლის 22 მაისს ყოფილ ცოლზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ის დააკავა, 24 მაისს კი სასამართლომ ის 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ადვოკატის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილზე გენდერული ნიშნით ფიზიკურად არაერთხელ იძალადა.

ამასთანავე, დაცვის მხარის ცნობით, ბასილაშვილი წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით სისტემატურად – ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობდა ცოლზე, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოში ბასილაშვილის წინააღმდეგ არაერთი ჩვენება მისცა. მათ შორის, ერთ-ერთ სხდომაზე მან ვიდეომტკიცებულებებიც წარმოადგინა, რომელშიც დოროყაშვილის თქმით, მას ბასილაშვილი ჩოგნებით სავსე ჩანთას ურტყამს.

ჩოგბურთელი სასამართლო პროცესებს დისტანციურად ესწრებოდა. 5 ოქტომბერს ის სასამართლოში მივიდა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლიდა.

გუშინ, 20 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ბასილაშვილმა, თუმცა აღნიშნული ეპიზოდი დახურულ სხდომაზე მიმდინარეობდა.

ბასილაშვილის საქმეზე გამოძიება ძალადობის 5 ეპიზოდზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად ბასილაშვილს ბრალი ძალადობის მხოლოდ 1 ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი, ახლა კი მას ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share