აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურა გურული იაშვილის კლინიკის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალს ეხმაურება და წერს, რომ თუ კლინიკა დაიხურება, ამით დიდი ზიანი მიადგება საქართველოში კლინიკურ პედიატრიას.
“ჯონს ჰოპკინსის 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სამედიცინო შეცდომებით ყოველწლიურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 250 ათასი ადამიანი იღუპება.
თავად ჯონს ჰოპკინსში, მსოფლიოს სამეულში მუდმივად მყოფ კლინიკაში, 21-ე საუკუნეში, 2001 წელს, დეჰიდრატაციით, ანუ წყურვილით მოუკვდათ წლინახევრის ბავშვი, ექთნებსა და ექიმებს შორის კომუნიკაციის არარსებობის გამო.
შეეშვით იაშვილის კლინიკას. ჯონს ჰოპკინსი ნაღდად არ არის, მაგრამ საქართველოს პედიატრიის კვინტესენციის დიდი ნაწილი მაქ არის თავმოყრილი და თუ მაგ მასშტაბის კლინიკა გაქრება, უზარმაზარი დარტყმა მიადგება როგორც კლინიკურ პედიატრიას, ასევე აკადემიურსაც.
მე არ ვიცი სამედიცინო ლოგისტიკის რომელმა ქართველმა ტიტანმა მიიღო ასეთი მნიშვნელობის კლინიკის თუნდაც ერთი დღით დახურვის გადაწყვეტილება და არც ვაპირებ შეკამათებას. კოლეგიალობის შესანიშნავი გაკვეთილები მივიღე ქართული მედიცინის კლინიკური და ლოგისტიკური სექტორიდან პანდემიის პერიოდში, მაგრამ საზოგადოებას კი ვურჩევდი, შეეშვან იაშვილის კლინიკის დისკრედიტაციას.
იმ პირობებში, რომელშიც ქართულ მედიცინას არსებობა უწევს ამჟამად, ეგ კლინიკა შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა.
და თუ მართლა გსურთ ჯანდაცვის სექტორის გაუმჯობესება, “უნაგირს” შეეშვით და “ცხენს” მიხედეთ, “ცხენს”, – წერს გურული.