მანდატის გასვლის შემდეგ, პარტიულ პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებ – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ომბუდსმენის მანდატის გასვლის შემდეგ, პარტიულ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, “ახლა ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიაში საკუთარ თავს ვერ ხედავს”.

მე ალბათ შორს ვერ წავალ, ჩემი პროფესიიდან, წარსულიდან და ევროპასთან ინტეგრაცია, ადამიანის უფლებების დაცვა, ეს საკითხები ზოგადად პოლიტიკასთან გადაჯაჭვულია, მაგრამ პარტიულ პოლიტიკაში წასვლას, ჩემი მანდატის გასვლის შემდგომ, ნამდვილად არ ვაპირებ. ვაპირებ ვიყო აქტიური მოქალაქე. შესაძლოა, ოდესმე მოხდეს [პოლიტიკაში წასვლა], რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიაში საკუთარ თავს ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ საკუთარ თავს იმ სფეროებში, სადაც ვარ და რაც არის ჩემი ბუნებრივი ინტერესის საკითხი“, – თქვა ლომჯარიამ.

***

ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.

სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენი პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი.

ამასთან, პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 9 სექტემბერს მიიღო. მას მხარი არ დაუჭირეს ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.

მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის.

15 სექტემბერს, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის წესთან დაკავშირებით.

ფორმულა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share