უკრაინა თუ რუსეთი – ისტორიული სამართლიანობა თუ ისტორიული უსამართლობა
ბოლო დროს საკმაოდ ბევრი პროგნოზი ქვეყნდება რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივისა და მისი დასრულების ვერსიების თაობაზე. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავენ ყველა ქვეყანაში, როგორც სპეციალისტები, ასევე – ჟურნალისტები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, პოლიტიკოსები და უბრალოდ მოქალაქეები. დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში, საზოგადოების ცნობილი და უცნობი წარმომადგენლები.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” გამოქვეყნდა:
“მწამს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რადგან ეს ქვეყანა ისტორიის ნათელ მხარეს დგას. ცივილიზებული მსოფლიო არ დაუშვებს, რომ რუსულმა მონსტრმა გაიმარჯვოს. ომის დაწყების პირველ დღეებში ბევრი ფიქრობდა, და ასეც იყო, რომ რუსეთი ნამდვილად გახლდათ დიდი, ბრუტალური ძალა. თუმცა, იქ, სადაც ადამიანი თავისუფალი არ არის, ადამიანის ღირებულებები უკანა მხარეზეა, იქ პროფესიონალიზმის ადგილიც აღარ რჩება…”
პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკოსი:
“აუცილებლად უნდა დამარცხდეს ბოროტების იმპერია – რუსეთი. უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული ცივილიზებული მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს ბედიც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მისი შემდგომი ნაბიჯი იქნება საქართველოს ინტერვენცია…”
კობა ხაბაზი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი პოლიტიკოსი:
“აუცილებლად გაიმარჯვებს უკრაინა, აუცილებლად დამარცხდება პუტინი – ბოროტების სათავე. ჩვენ ყველას, ვინც აქ ვიბრძვით, გასიგრძეგანებული გვაქვს, თუ რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება… ომის დაწყების პირველ დღეებშიც კი, მაშინ, როდესაც კიევი ალყაში იყო და დაუზოგავად იბომბებოდა, უკრაინელები საოცრად შემართულები იყვნენ. მშვიდობა რომ გესურვებინათ მათთვის, მაშინვე გეტყოდნენ, – მშვიდობა მონობაშიც შეიძლება, გამარჯვება გვისურვეო!.. ახლა მით უმეტეს, კიდევ უფრო შემართულები არიან…”