კოლიე ვარ რიჟამაძე, პასპორტში კარლო მიწერია, 90 წლის შევიქენი აგერ ახლა. მამა კონსტანტინე რიჟამაძე იყო, ლიხაურში, ნიაბაურში იდგენ. ფილტვის ანთებით მომკტარა ადრე, დედა ჩიტაიშვილის ქალი იყო, დაქრივებულს დუუსმივარ მე და ჩემი დაი ურემზე, სამი წლის ვყოფილვარ, მუუყვანივართ ბებიასან, დაბრუნებულა ძირ ოჯახში აგერ ბახვში. პატარა ორთვალი სახლი ედგენ ბებიას და ბაბუას. ბებიე იყო ფამფალეთელი ესმა, მდინარაძის ქალი, ბაბუა მალე მოკტა და დავრჩით ბებიეს ამარათ. იყო მარჯვე, მარჯვე მეტი რომ აღარ იქნება იმფერი, მიყვარდა მეტისმეტად.
დედა გაათხუეს მიორე გზობა მარა იი ქმარიც მუუკტა, უბედური ქალი დარჩა დედა.
ნათესავები გვყავდა ბეური, მისლა იყო მოსლა იყო, მიკითხვა, მოკითხვა.
ჩაი ახალი შემოსული იყო გურიაში მაშინ, აშენებდენ ყოლგან, იყო აგრანომი იი გაგვინკლოვდა, გვასწავლიდა და ჩვენ ვასრულებდით. კრეფდენ ფოთოლს, წევიღებდით პუნქტზე, ჩავაბარებდით, მოგვცემდენ ფულს.
ეზოში გვედგა ბიძიასან ზიარი წისქვილი და ჩამური.
ხან იგინი დააქფოვდენ ხან ჩვენ. გამარტებაზე მეწისკვილეს მევიყვანდით, მოკეკავდა ქვას, გააწყობდა, გამართავდა წისკვილს, მიცემდენ პაწა ჭადს, რაცხას მაგიორათ აბა ფული არ იყო და აფერი.
ჩამურზე ქალები ცეხვდენ ღომის ღომს და ბრინჯს. ღომი მწირე მიწაზე მოდის, სიმინდი რომ არ ვარგა იმფერ სალიკას თესავდენ. რომ დახრიდა თავს, ორპოტიკა ჯოხებით, კაკვებით ევიღებდით, გაშლიდენ ჩელტებზე გააშრობდენ , დაზვინავდენ და მერე მოცლილათ ცეხვავდენ ამ ჩამურში. საცეხველი იყო ხელისაც და წყალზე აწყობილიც, მერე ამეიღებდენ, გადარეკტენ და იყო ხაზირი. ბრინჯი ბინძური სამუშიერია, ჭაობიან ადგილში რგავენ, იმასაც ისე გაცეხვავდენ როვარც ღომს, დაახარისხებდენ, გააშრობდენ. ფოთის ან ოზურგეთის ბაზარზე ვყიდდით ბრინჯის კეკალსაც და ღომსაც, უფრო ფოთის ბაზარს ვხმარობდით. ნახევარს აბდრულს ვჩივი, მარა ამის მომყოლი აღარც ვიცი თუა ვინმე დარჩენილი.
ღომს ცეხზე ჩახანით შემოდგამდენ, პაწა ქფილს გუურევდენ, ჩაზელდენ ჩოგანით, დაშუშთებოდა, ყველს, ნადუღარს მიატანდენ, თხილიან ქათამთან უკეთესი არ ვიცი თუა რამე, ღომის ღომი კაია, ნამეტარი კაი.
სკოლა შვიდი კლასი დავამთავრე. მასწავლებლები გვყავდა უაღრესათ განათლებული და კაი , კაი ნამეტარი კაი ხალხი. მასწავლებელიც და მოწაფეც ყველა გაჭივრებული იყო მაშინ, მარა სითბოს არ გვაკლებდენ. ობოლი ვიყავით ბევრი, ომის დროია, სწავლაზე უფრო სითფო ჭიროდა ბაღანას.
ბათუმში წევედი და საზეინკლო სასწავლებელში ვისწავლე, მეხუთე თანრიგის ზეინკალი გავხთი და წყალქვეშა ნავზე ვმუშაობდი ერხანს ფოთში.
ფოთში იყო მოდობილი მალარია, ციება. აი უბედური დავადებაა, იცი რაფერია? იწვის ქვეყანა ახლა რომაა აგერ იმფერი ამინდია კარში, შეგცივდებოდა ტერს და ავს, პირი ქვისკენ მიქნია, გამოხვიდოდი დაჟდებოდი მზეზე, გციოდა მაინც. კაღამ მოვკტი, დავგლახთი, განწირული ვიყაი. კომისიამ გამათავისუფლა, თქუენ ალბათ შინ მოკტესო.
ჩემმა ნენამ, ჩემმა პატარა დამა და ბებიამ მომხედენ, მომათქმიეს სული, არ მოვკტი, გადავრჩი.
მაღალეწრის ჩაის ფაბრიკაზე დევიწყე მუშაობა ზეინკლათ. დაზგის გაჩერება არ იქნებოდა, ვინ გაგვაჩერებიებდა, შევაკეთებდი, გუუშობდი. პლანტაციაში ჩას არ გააჩრებდენ, ნამეტანი სიმკაცრე იყო, ნამეტანი. პური ჭირდა, ომის მერე, პურს გვირიგებდენ, დიდი ამბავი იყო იმ დროიზა.
ქალთა არტელი იყო აგერ ბახვში, სამკერვალო, ფეხსაცმლის შემკეთებელი, საპარიკლახერო, საქსოვი დაზგებიც იდგა, ბამბის ძაფით მოქსოვილი ფუფაიკა სტალინს გუუგზანეს მახსოვს. ელენე ბაჯელიძე ჯერემ ბუღალტერი იყო, მერე დირექტორი ამ არტელის. კაი გოგო იყო, შემიყვარდა, ქვედაბახვში მივდევდი მაშინით..
ჯარში ვიყაი შუააზიაში. დედამ ჩამიდუა ჭადის ნატეხი და რაცხა, გამისტუმრენ. მატარებლით ჩევედით ბაქომდე. ბაქოდან გაგვრეკეს ფეხით, მივადექით კასპიის ზღვას, გემს ეთქუა “ბაგიროვ”. გუშინ რა ვჭამე იი არ მახსვს და ამ გემის სახელი რამ გამახსენა არ ვიცი. ოთხი წელიწადი ცხვირით მიწა გვახნიეს, რუსულ ჯარში. იქინე ვისწავლე მაშინა.
რომ დავბრუნდი ჯარიდან 1958 ში შევირთე ელენე და დევიწყე მუშაობა აგერ ბახვში ჩხავერის ვენახის მეურნეობაში. აი ჩხავერის მეურნეობა იყო სტალინის მეურნეობა. მოგვდიოდა პური, ტანსამოსი პირდაპირ მოსკოვიდან.
აი ჩხავერი სხოგან კარ კეთულობდა. დირექტორი იყო დომენტი გოგოლიშვილი, მოსული კაცი იყო, 1936 შია გაშენებული აი ვენახები თლათ იმან გააშენა, დიდძალი ძაალაა დახარჯული. სხვაი ჯიშებიც იყო. შაქრიანობა რომ ევიდოდა 24 მდე, გატკბებოდა, მევიდიდა ტრესტიდან ფურცელი მეიკრიფოსო. მოკრეფთენ, დაჭნეხთენ მარანში, ღვინო სტალინთან მიდიოდა კასრებით. მარტუა ამას სუამსო ჩიოდენ.
მე შოფრათ ვიყაი, ჯერე პალტარატონკა მქონდა მაშინა, მერე ტრიოხტონკა, ბრიზენტიანი. ხან დამავალებდენ და სკოლის ბაღნებს წევიყვანდი ექსკურსიაზე, გელათში, საცხა. თუ გეიპარებოდი თვარა ისე კერძო საქმეზე ვერიკაცს ვერ მივეხმარებოდი მაშინით, ბენზინი გასაყიდი არ იყო, კოლმეურნეობა იძლეოდა. ბახმაროზე მეზობელს აბარგებაში მივხმარებოდი, იმასაც მიშლიდენ. რაცხას ძვილა თუ გავძრებოდი.
ელენეს და მე ერთი შვილი გვყავს აგერ, თამრიკო.
ქიმიკოსია, პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა თფილიში. გაანაწილეს ბორჯომის მინერალურ წყლების კომპანიაში, დევიხსენი იქიდან არ გუუშვი. მაი კარა სტუდენტი რომ იყო კალენდარზე ფურცლებს ხევდა და დღეებს ითლიდა დედამისი. ერთი გვყავდა და გვინდოდა შინ გვყოლოდა. ერთი სული გვქონდა როის მევიდოდა შინ, ვნევრულობდით, ასე იყო სიკვტილამდე.
კომუნისტები რომ გადენეს მერე,
ნაშრომი ფული, მოპარული და იი კარა ნაშრომი, ოჯახის შემოსავლით შეგროვილი ფული ბანკში გაგვიფუშტა. ბაღანა ერთი გვყავდა, თუ რამე გვქონდა მისდა გვინდოდა, ვუგროვებდით.
ზამთარში საქმე რომ მეიკლებდა კოლმეურნეობაში, დამსახურებულ საგზურებს გვაძლევდენ და ვიარებოდით მოსკოვში, სოხუმში, კისლავოცკში, ჟელეზნავოცკში. ბულგარეთში, რუმინეთშიც ვარ ნამყოფი, კომუნისტურ ქვეყნებში, აბა გარეთ ვინ გაგვახედებდა.
ადამიანმა თლა დაკარქა მორიდება, შრომის უნარი და ხალისი. არვიცი რა გვჭირს. ამ ხნის ვარ და ბახჩას, ყანას, თხილს მე ვშობი კიდომ. წავყობი გოგოს თხილებში, წევიღებ სკამს, დევიღლები დავჟდები ზეთ. მოწევს ბოლს, დუუჭერ, მოვკრეფთ. ერთი ორი საათი დილას, ერთი ორი საღამოს და ასე.
რეთი თავრობა შეიცვალა, ყველა ცრუი, ცრუი, ცრუი.. განხვავება იია მარტუა რომე უწინ ვერ იტყოდი ვეფერს, იტყოდი და გაგბაწრავდენ, ციმბირს უკან დაგატიებიებდენ. ახლა ილაპარიკე რეთიც გინდა მეტი აფერი, რახარუხათ ეყურება ყველას თუ ეყურება..
დარდი ვიცი, მეფიქრება ბევრი. ხვალინდელი დღეი მაფიქრებს. თამრიკო არ გათხოვდა და მარტო დამჩა, მე რომ აღარ ვიქნები თლა მარტუა დარჩება და აი მადარდებს, უსაშველოთ მადარდებს.
კიდომ იმას ვფიქრობ რომე ხალხს ჭირია განკლოვა, მისით ვერ იზამს ყველა. განათლება აკლია, გუუნათლებელი კაცი მისით ვერ გეინკლოვს, წინ გამძროლი ჭირია. აგერ მე ახლა ჩემს ოჯახს ვეღარ უძღობი, მე რაღა მოხელე ვარ, აღარ მომწონს ჩემი თავი, დავმსაყრდი.
მინდა ყველა კარქათ იყოთ ბაღნებო, გეიხაროთ და გამრავლდეთ. მე ჩემი გასარები გევიარე რაცხა იყო და აწი თქვენ მინდა იყოთ კარქათ.
მთხრობელი: კოლიე რიჟამაძე.
ოზურგეთი, სოფელი ბახვი.
ხმა საარქივედ ჩაწერა ხატია მაღლაკელიძემ.
ფოტო #ზაქარიაჭელიძე