ჩრდილოვანი არა, ჩრდილოური მმართველობა – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

ერთი კვირის წინ რომ გვეთქვა ანაკლიის პროექტის განახლებას და “დათრევას” მოსკოვი ცდილობს-თქო, სერიოზული ყურადღება შეიძლება არ მიგექციათ. თუმცა ფორმულას მოპოვებული ექსკლუზიური მასალის მოსმენის შემდეგ, ამაში ეჭვი უკვე ალბათ ცოტას ეპარება.

დავით ხიდაშელის საუბრიდან ცხადი ხდება, რომ ივანიშვილის ფავორიტი და რუსულ მმართველობით ცენტრებთან დაახლოებული ბიზნესმენი ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესს აქტიურად გამოხატავს და ვიღაცას რუსული ორბიტიდან ანგარიშსაც აბარებს. მეტისმეტად გულუბრყვილო უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ ანაკლიის პორტის “დათრევა” ხიდაშელის პირად კომერციულ ინტერესებს ცდება და კრემლს უკავშირდება. თუმცა, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მოვლენების ასეთი განვითარება და რამ გამოიწვია მოსკოვის გაცხოველებული ინტერესი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის მიმართ, რომელიც ყოველთვის ამერიკასთან და დასავლეთთან ასოცირდებოდა და რასაც კრემლი დღემდე ღიად ეწინააღმდეგებოდა, ამას მართლა ჭირდება სერიოზული ახსნა.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ნატო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, დასავლეთმა, ზელენსკის, შესაძლოა არასდროს მიცეს შორი დამიზნების არტილერია, თუმცა რუსეთის სულ უფრო მეტი სანქციებით დატვირთვის პოლიტიკა, რომლითაც პუტინის დასუსტებას, მისი რესურსების გამოფიტვას და საბოლოოდ – აგრესიული რაშისტული სისტემის დანგრევას ისახავს მიზნად, სტრატეგიულად შეუქცევადი გადაწყვეტილებაა. ამ ფაქტმა მოახდინა მოცემულობის კორექციაც: თუ ადრე რუსეთს ანაკლიის პორტი იმიტომ არ ჭირდებოდა, რომ თავად, საკუთარი პორტების გამოყენებით წარმოადგენდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარ გამტარს, დღეს მივიღეთ სურათი, როდესაც ეს არხი დიდი ხნით ჩაიხერგა, და დასავლეთს რომ თავი დავანებოთ, თავად რუსეთს ჭირდება ალტერნატიული სასაქონლო თუ ენერგეტიკული მარშრუტი.

მეტიც, მოსკოვი დღეს საქართველოს დასავლეთის მოკავშირე სახელმწიფოდ კი აღარ აღიქვამს, არამედ საკუთარი გავლენისა და კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიად განიხილავს. ამიტომ, ანაკლიის პორტიც, თუ მისი კონტროლის ქვეშ იქნება, უკვე წარმოადგენს არა საფრთხეს, არამედ ბერკეტს, რომლის საშუალებითაც ის ერთის მხრივ რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების მხუთავ ეფექტს შეამსუბუქებს, მეორეს მხრივ კი დასავლეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სასაქონლო თუ ენერგეტიკული დერეფნის ნაწილობრივ თუ სრულ გაკონტროლებას მოახერხებს. გარდა ამისა, ანაკლიის პორტში რუსეთიდან გადმოქაჩული კაპიტალის დაბანდება, კრემლის კონტროლირებადი რუსი თუ ქართველი ბიზნესმენებისთვის ფულის გათეთრების და დასავლური სანქციებისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალება იქნება. საქართველოს ხელისუფლებისთვის კი ჩათრევას ნამდვილად ჩაყოლა ჯობია, თუ ინიციატივა მათ ხელში იქნება. აშკარაა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ლამის ერთადერთი ალტერნატიული მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდა არამარტო ევროკავშირიდან წამოსული ზეწოლის ზრდაში აისახება. ივანიშვილი კი ხაზარაძისა თუ სხვებზე გადაბრალებით თავს ვეღარ დაიძვრენს და ვერც პროცესს გაწელავს.

ფაქტია, რომ ამ ვითარებაში ივანიშვილი არა სუბიექტი არამედ ობიექტია. მეტიც, ის საკუთარი ნების კონტროლშიც ძალიან შეზღუდულ ფიგურად გამოიყურება. რაც იმითაც დასტურდება, რომ ბოლო პერიოდში ყველა ნიშანი და სიგნალი არსებობდა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, საიმისოდ, რომ მას მოქმედების კორექტირება დაეწყო: დასავლეთთან უფრო აქტიურ პარტნიორობაში შესულიყო, რუსეთთან კი როგორც მინიმუმ მონური ლოიალობა დაესრულებინა. თუმცა ასე არ მოხდა. საქმე იქითკენ მიდის, რომ ალიევი, საქართველოს ფორმალურ მმართველთან შესახვედრადაც კი აღარ ჩამოვა, პირდაპირ რუსეთს დაელაპარაკება, რადგან ალტერნატიული დერეფნის კარიბჭეს, ანუ ანაკლიის პორტს, სწორედ ისინი გააკონტროლებენ. ამიტომაც, დღეს საზოგადოებას მობილიზება და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ახალი და საკმაოდ მარტივი ფაბულის გათვალისწინებით მართებს: ამ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არა იმიტომ, რომ ივანიშვილი ჩრდილოვანი მმართველია, არამედ იმიტომ, რომ ის უკვე ჩრდილოური მმართველობის გაგრძელებაა და საკუთარი ნება წართმეული აქვს. მილიარდერი ჯერ კიდევ ახერხებს იმის განსაზღვრას თუ ვინ უნდა მოიგოს სახელმწიფო ტენდერები, თუმცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ხაზი და სტრატეგიული დანიშნულების პროექტები უკვე დიდი რუსული ინტერესის თემა და კრემლის კომპეტენციაა. ფორმულას მოპოვებული ჩანაწერების ფიგურანტები კი უფრო რუსული სპეცსამსახურების კარნახითა და კონტროლით მოქმედებენ, ვიდრე ივანიშვილის დავალებით.

მოკლედ, ვაშინგტონიდან წამოსული მკაცრი ტონისა და ბიძინას თვითგადარჩენის ინსტინქტის მუშაობის წარსული გამოცდილებით, საქართველოს ჩრდილოვანი მმართველი სხვაგვარად უნდა იქცეოდეს. ასე არ ხდება. როგორც კარგად ნაცნობი უცნობი იტყოდა “ბიძინა პლენშია“, მის ნებას აღარ ექვემდებარება. ან ნებას, პირდაპირი გაგებით ფიზიკური გადარჩენის ინსტინქტი ძლევს, რის გამოც მის სტატუსში დროა “ჩრდილოვანი” თამამად და საბოლოოდ ჩავანაცვლოთ “ჩრდილოურით.” ამის გააზრება, მის ვითომ პროდასავლელ მხარდამჭერებსაც ძალიან გამოადგებოდათ.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share