პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც საკუთარი პროგრამა ეკონომიკური პროფილის 4 -მა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს.
დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა უკვე გააცნეს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ. ასევე, საკუთარი პროგრამა დეპუტატებს უნდა წარუდგინოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა.
გაერთიანებული კომიტეტის სხდომას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვება. როგორც მან განაცხადა, ქვეყანას, ისევე როგორც მთავრობას და მოსახლეობას მომავალ წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება.
“უნდა აღინიშნოს, რომ წელს საქართველომ მოახერხა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მნიშვნელოვანი დახმარებების მობილიზება, რომელიც მიმართულია როგორც საბიუჯეტო დანაკლისების დასაბალანსებლად ასევე ცენტრალური ბანკის რეზერვების”, – განაცხადა კოვზანაძემ.
ცნობისთვის, დღესვეა დაგეგმილი ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს მოუსმენენ.