დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიაში გადაუდებელ რეფორმებს ითხოვს

საჭიროა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან საარსებო ხელფასების დანიშვნა ყოველი სასულიერო პირისათვის, – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოზი ვრცელ მიმართვას ავრცელებს და საქართველოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

“გადაუდებელი, აუცილებლად საჭირო ადმინისტრაციული და ორგანიზაცული რეფორმები საქართველოს ეკლესიაში, რომელთა განხორციელების გარეშე შეუძლებელია კანონიკური წესრიგის და სამართლიანი, ღვთივსულიერად ჰარმონიული მდგომარეობის დამყარება საეკლესიო ცხოვრებაში:

1. უპირველესად ეკლესიის მმართველობა უნდა ზრუნავდეს ეკლესიის წევრთა არამხოლოდ სულიერი განვითარებისათვის, არამედ ასევე სოციალური დაცვისათვის, არ შეიძლება სასულიერო პირი საპატრიარქოს ჰყავდეს ბედის ანაბარად მიტოვებული, საშოვარზე მიშვებული. შესაბამისად საჭიროა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან საარსებო ხელფასების დანიშვნა ყოველი სასულიერო პირისათვის. საეკლესიო შემოსავლების (სანთლის და სხვა საეკლესიო ნივთების რეალიზაციით, საეკლესიო მიწების, ტყეების, თევზსაშენების, სანთლის, ღვინის და სხვა პროფილის საწარმოების/ქარხნების, კომერციული სასწავლებლების და ა.შ.) ცენტრალიზება საპატრიარქოს ბიუჯეტში და მათი გეგმაზომიერი წარმართვა, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელება სოციალურად დაიცველი ადამიანებისადმი; საპატრიარქო ბიუჯეტის სრული ფინანსური გამჭვირვალობა, შემოსავალ-გასავლის ყოველწლიური აუდიტი და გასაჯაროება. ეკლესიის სოციალური მსახურება და პასუხისმგებლობა ადამიანთა წინაშე კარგადაა წარმოჩენილი მოციქულთა ხანის ეკლესიის ცხოვრებაში (ამის შესახებ სამოციქულოს წიგნში /მოციქულთა საქმენი და ეპისტოლეები/, არაერთი მუხლია).

2. აუცილებელია სამღვდელოების გადამზადების კურსები საღვთისმეტყველო და სამოძღვრო საკითხებში, ეკლესიაში არსებული ცალკეული სადაო საკითხების (საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული, სამოძღვრო) განხილვა და გადაჭრა უმაღლეს დონეზე, და კონტროლი მათ შესრულებაზე; აუცილებელია საეკლესიო პირთა მიერ (მაღალი და დაბალი იერარქიის სამღვდელოების არც თუ მცირე ნაწილი) შეწყდეს ფოლკლორულ-მესიზმრეობრივი და ანტიდოგმატური სწავლება-ქადაგებები, რომლებიც რეალურად წმ. პავლე მოციქულის სიტყვით რომ ვთქვათ “დედაბრული ზღაპრობანი” უფროა, ვიდრე ღვთისმეტყველური და წმინდაწერილისეული. აუცილებელია გაძლიერდეს საეკლესიო გამოცემებზე (წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, ფილმები…) კონტროლის გამკაცრება, რათა ავიცილოთ პრორუსული იდეოლოგიზირებული ფსევდომართლმადიდებლობის ტირაჟირება და მრევლის ზომბირება.

3. მრავალ ავტოკეფალურ ეკლესიას აქვს და ჩვენთანაც სავალდებულოა არსებობდეს წმ. სინოდის მუდმივმოქმედი სამდივნო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სინოდის დადგენილების აღსრულებაზე, სინოდზე გასატანი საკითხების და ორგანიზაციული ასპექტების მომზადებაზე;

4. აუცილებელია არსებობდეს საპატრიარქო და სასინოდო მრჩეველთა 10 კაციანი (საჭიროების შემთხვევაში ასევე მიწვეული დროებითი წევრები) საბჭო დაკომპლექტებული თეოლოგიის და სხვა სამეცნიერო დარგების უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით, რომელთა რჩევები იქნებოდა ფუნდამენტური მნიშვნელობისა სხვადასხვა პრობლემატური საკითხევის გადაჭრის დროს. მაგალითად არ შეიძლება სინოდი მსჯელობდეს პანდემიის შეახებ და არ ისმენდეს დარგის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე მინიმუმ ორი-სამი სპეციალისტის (მედიცინის დოქტორი ექიმების) შეხედულებებსა და რეკომენდაციებს კითხვა-პასუხის რეჟიმში, ამასთან ამ მრჩეველთა სახელები უნდა იყოს საზოგადოებისათვის ცნობილი.

5. 2019 წლის წმ. სინოდის ერთადერთ სხდომაზე, უწმინდესმა პატრიარქმა ბრძანა სინოდის ხშირად მოწვევის აუცილებლობაზე, მაგრამ მას შემდგომ წელიწადზე მეტი გავიდა და სინოდის სხდომა მხოლოდ ერთხელ, მარტში ჩატარდა. პრაქტიკულად ყველა ავტოკეფალურ ეკლესიაში, საქართველოს ეკლესიის გარდა, ფუნქციონირებს დიდი სინოდის (სამღვდელმთავრო კრების) გარდა მცირე, მუდმივმოქმედი წმ. სინოდი, დაკომპლექტებული ეკლესიის მეთაურით და 10-12 მღვდელმთავრით (რომლებიც პერიოდულად იცვლებიან როტაციის წესით), ეს მცირე, მუდმივმოქმედი სინოდები თითქმის ყოველთვიურად იკრიბებიან, მათი სხდომები ხშირად ორი-სამი დღეც გრძელდება, ხდება ყველა პრობლემის განხილვა, დეტალური ანალიზი და გადაჭრა. ჩვენთან ეს ყველაფერი არ არსებობს, ხოლო თუ გადავხედავთ თუნდაც ბოლო 20 წლის მანძილზე მოწვეული საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის სხდომებს განჩინებებს, მრავალი მათგანი არ სრულდება და დავიწყებულია, ხდება ისე რომ სინოდის კრება თითქოს მხოლოდ მოვალეობაა, დადგენილებები ქვეყნდება ფორმალურად, ხოლო მისი აღსრულება ხშირად აღარავის აინტერესებს და არც არავინ ზრუნავს ამაზე, ეს ანომალია იწვევის ეკლესიაში მრავალი მანკიერების გაჩენას და უწესრიგობას.

6. აუცილებელია შეჩერდეს და აიკრძალოს სასულიერო განათლების არმქონე პირთა დიაკვნებად, მღვდლებად და ეპისკოპოსებად ხელდასხმა. დღეს ნებისმიერ სხვა ავტოკეფალურ ეკლესიაში ყოველი ეპისკოპოსი მინუმუმ თეოლოგიის მაგისტრია, ჩვენთან კი ლამის ნახევარს საერთოდ არ უსწავლია არათუ აკადემიაში (ანუ მაგისტრატურა), არამედ სემინარიაშიც კი (ანუ ბაკალავრიატში). ეს ყველაფერი აისახება სამღვდელოების და მრევლის ინტელექტუალურ და სულიერ მდგომარეობაზე. ამასთან საქართველოს ეკლესიას აქვს ბევრი (პატარა საქართველოს კვალობაზე) სემინარია-აკადემია-უნივერსიტეტი, მათგან აკრედიტაცია კი ცოტას აქვს. ხარისხი უგულვებელყოფილია სიმრავლის სასარგებლოდ, ეს კი დაუშვებელია ეკლესიაში და კეთილ ნაყოფს არ გვაძლევს. აუცილებელია ამ სასწავლებლების ფილტრაცია და სასწავლო-სამეცნიერო დონის ამაღლება.

7. ყველა ეკლესიას, გარდა საქართველოსი, აქვს საეკლესიო სასამართლო დაკომპლექტებული სამღვდელო და საერო კანონისტებით, რომლებიც განიხილავენ ნებისმიერ საეკლესიო და ზნეობრივ ბრალდებებს, ან დაპირისპირებას ეკლესიის წევრთა შორის. ამის გარეშე მორალური სახის შენარჩუნება შეუძლებელია ეკლესიაში.

შეიძლება ზოგიერთს გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ ვწერ საეკლესიო პრობლემებზე საჯაროდ, მაგრამ უნდა ყველამ გააცნობიეროს, რომ ეკლესიაში არაფერი უნდა იყოს დამალული და მიჩქმალული გარდა ადამიანის პირადი აღსარების საიდუმლოსი. მით უფრო ეს საკითხები საჯაროა და უკვე მრავალთათვის საცნაურია, მათი მრავალი წლის მანძილზე გადაუჭრელობა კი ფუნდამენტურ პრობლემებს აღრმავებს და რბილად რომ ვთქვა, საქართველოს ეკლესიის და მის წევრთა მდგომარეობას აზიანებს”, – წერს დეკანოზი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share