რა უპასუხა გიორგი კეკელიძემ ბავშვს, რომელმაც თოვლის ბაბუას გარდაცვლილი მამის დაბრუნება სთხოვა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ემოციური ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, სადაც პატარა ნიკოლოზი თოვლის ბაბუას მამის დაბრუნებას სთხოვდა, მორიგ პოსტს აქვეყნებს.

გიორგი კეკელიძე ყვება, თუ რა უპასუხა ნიკოლოზს ამ წერილის შემდეგ და რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ბავშვს.

„წუხელ ღამით, აი, იმ ბიჭს, ასე რომ მომწერა: ,,ძვირფასო თოვლის ბაბუ, მე ბევრი სურვილები მქონდა, მაგრამ რაც მამა გარდაიცვალა, ახლა მე მხოლოდ მისი დაბრუნება მინდა”. ვუთხარი, რომ მე ძალიან უცნაური თოვლის ბაბუა ვარ. არც მე მყავს მამა. არ მომიტყუებია, ვუთხარი – რადგან ნიკოლოზი პატარაა, მაგრამ ყველაფერს ხვდება. ამიტომ არ მითქვამს, რომ მამამისი სამოგზაუროდ წავიდა და რაღაცები გამომატანა, რომ მამა წერილებს დაწერს და მე ჩავუტან ხოლმე. სიმართლე ვუთხარი. ვუთხარი, რომ მამამისი საერთოდ არსადაც არ წასულა. მეტიც, ის აწი უფრო ახლოს იქნება მასთან და საითაც გასწევს, ყველგან წაყვება. ყველა აღმართზე, ზურგიდან ხელის შეშველებას იგრძნობს, ის იქნება მამამისი. თუ დაღმართზე დაშვებული, ძალას იგრძნობს და შეჩერდება – ეგეც მამამისი იქნება. მამას ყოველთვის ექნება ბილეთი – ავტობუსზეც და თვითმფრინავზეც. და როცა გაიზრდება და ახალ გზებს მოსინჯავს, მამაც იქ იქნება.

ეს ზუსტად ვიცი და ამიტომ ვუთხარი. ზუსტად ვიცი, რადგან მამაჩემი ახლა აქაა, როცა ამ სიტყვებს მწერს და მეტიც, ამ სიტყვებს მამაჩემი მკარნახობს. მამაჩემი დეკემბრის ოცდარვაში გარდაიცვალა. გარდაიცვალა ანუ სამუდამო ბილეთი აიღო ჩემს გვერდით. მე და ნიკოლოზი შევთანხმდით, რომ ოცდარვაში მასთან და ოზურგეთში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის მოწყობას დავიწყებთ. პირველ წიგნებს ამ ბიბლიოთეკისთვის სწორედ მაშინ შემოვდებთ თაროზე. კიდევ შევთანხმდით რაღაცებზე, მაგრამ იმ ამბებს საიდუმლოდ დავიტოვებთ.

დილით მესიჯი მხვდება ნიკოლოზისგან: უღრმესი მადლობა, იმდენად გამითბეთ გული ვერც დავიძინე. ემოციებში ვარ ეხლაც. მე თქვენ მიყვარხართ“ და ალბათ ნიკოლოზმა არ იცის, რომ თვითონ არის ყველაზე მაგარი თოვლის ბაბუა. ჩემი თოვლის ბაბუა“,- წერს გიორგი კეკელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share