“გათავისუფლება ან სასჯელის გადვადება: სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ” – საერთაშორისო მედია BBC საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ კიდევ ერთ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
ამჯერად სტატია მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ უკანასკნელ პროცესებს: სამედიცინო დასკვნასა და ამ დასკვნის საფუძველზე მისი უფლებადამცველების მიერ სასამართლოში შეტანილ შუამდგომლობაზეა გაკეთებული.
“მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაცვის მხარე ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს.
გამოკვლევის დასკვნისა და ჩვენ მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნია, რომ სასამართლომ უარი თქვა ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე” ამის შესახებ ადვოკატმა ტელეკომპანია “მთავარ არხს” განუცხადა.
ადვოკატებმა შუამდგომლობით სასამართლოს წარუდგინეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ემპათიის ცენტრმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად ჩაატარა. 194-გვერდიანი ექსპერტიზის დასკვნა და დანართები ადვოკატებს ორი დღის წინ გადაეცათ.
სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვის ფარგლებში, ადვოკატების თქმით, 20-მდე მოწმე ისაუბრებს, მათ შორის ექსპერტები, პოლიტიკოსები და ექიმები.
სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს (მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა), ამჟამად თბილისის კლინიკა „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.
ის საქართველოში გასული წლის შემოდგომაზე დაბრუნდა, რის შემდეგაც ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის მუხლით წაუყენეს. ორ მათგანზე, ჯერ კიდევ საქართველოში დაბრუნებამდე, დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თავად სააკაშვილმა უარყო ბრალდებები და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. დაკავების შემდეგ მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელსაც 50 დღის შემდეგ დათანხმდა.
სააკაშვილმა მეორე შიმშილობა მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა და მე-20 დღეს შეწყვიტა. შემდეგ მან ადექვატური სამედიცინო დახმარება მოითხოვა”- წერს BBC.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ის დღითიდღე უარესდება, მისი ახლობლები დიდი ხანია ამბობენ. ისინი ერთადერთ გამოსავალს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანაში ხედავენ.
ხელისუფლებამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სახელმწიფოს მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი მისი ჯანმრთელობის დასაცავად და ის შესაბამის კლინიკაში იმყოფება.
“კომა და სიკვდილი”
სტატიაში აღნიშნულია, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დაწესებულება შეცვალა. ის ჯერ ქალაქ რუსთავის ციხეში მოათავსეს, შემდეგ გლდანის ციხის საავადმყოფოში, შემდეგ კი ქალაქ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გასული წლის ბოლოს ის კვლავ დააბრუნეს რუსთავის ციხეში, საიდანაც მაისში გადაიყვანეს კლინიკა “ვივამედში”, სადაც დღემდე რჩება.
“მიხეილ სააკაშვილისთვის დასმული ძირითადი დიაგნოზები მისივე მოთხოვნით არ საჯაროვდება, თუმცა ექსპერტიზის ჩამტარებელმა ორგანიზაციამ „ცენტრმა ემპათიამ“ საექსპერტო კომისიის დასკვნა ხუთშაბათს გამოაქვეყნა. კომისიაში შედიოდა 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტი.
ამ დასკვნების მიხედვით, სააკაშვილი დაკავებამდე ჯანმრთელი იყო. ახლა მას 20-ზე მეტი დიაგნოზი ან სიმპტომური კომპლექსი აქვს.
დასკვნის მიხედვით, სააკაშვილს აღენიშნება ანორექსია, წონის სწრაფი კლება, ტკივილი კუნთებში, სახსრებში, ძვლებში და კუნთების ცვენა, რაც შეიძლება იყოს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგი (მანამდე მის სხეულში ბარიუმის, ბისმუტისა და ვერცხლისწყლის მნიშვნელოვანი შემცველობა აღმოაჩინეს).
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა სააკაშვილი იმყოფება და პატიმრობის პირობებში, შეუძლებელია სრულფასოვანი ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება.
ექსპერტთა დასკვნა შეიცავს ინფორმაციას სააკაშვილის დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ციხის საავადმყოფოში, სადაც ის რუსთავის ციხიდან მისი ნების გარეშე გადაიყვანეს. ნათქვამია, რომ 11 დღის განმავლობაში მას ძილის საშუალება არ ჰქონდა.
ასეთი მკურნალობის შედეგად მას შესაძლოა, ხერხემლის დაზიანება მიეღო, ნათქვამია მოხსენებაში. მას ასევე განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მძიმე ფორმა, ამბობენ ექსპერტები.”- ვკითხულობთ სტატიაში.
მასალაში აღნიშნულია შემდეგი: ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მულტიდისციპლინურ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. პარალელურად საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას და უარყოფენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებს.
არეულობის შექმნა?
BBC ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა პერიოდულად ხდება პოლიტიკური დებატების თემა. სანამ მისი მხარდამჭერები მის სიცოცხლეს საფრთხეზე საუბრობენ, მათ მმართველ პარტიაში სააკაშვილის დიაგნოზით სპეკულირებაში ადანაშაულებენ.
ორშაბათს, ექიმების რეკომენდაციით, მიხეილ სააკაშვილი, გამოხატული სურვილის მიუხედავად, არ გადაიყვანეს კლინიკასთან მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი საქმე განიხილებოდა. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებისთვის ეს კიდევ ერთი დადასტურება იყო, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია.
ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს მიეცემა საშუალება მოიწვიოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი სამკურნალოდ, მაგრამ სამინისტროს საზღვარგარეთ გადაყვანის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, ეს საკითხი, მინისტრის თქმით, უწყების კომპეტენციაში არ შედის და სასამართლომ შესაბამისი დასკვნის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს. მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასა და დიაგნოზებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის მიმართ უნდობლობა გამოთქვა. მათი თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერები პიარით არიან დაკავებული და ჯერჯერობით ვერ ასახელებენ დიაგნოზს, რის საფუძველზეც მოითხოვდნენ მის გათავისუფლებას.
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ემპათია” დაადანაშაულა, რომ ასოცირებულია სააკაშვილის პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” და თქვა, რომ მისი სანდოობა “ნულის ტოლია”. ცენტრი ამ ბრალდებებსა და ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.”,- წერს BBC.
გამოცემა აღნიშნავს ფაქტსაც, რომ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. კლინიკაში მიხეილ სააკაშვილთან მორიგი ვიზიტის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას შესაძლო მოწამვლაში არ ადანაშაულებს.
სტატია მთავრდება გიული ალასანიას ციტატით, რომელმაც მოუწოდა ყველას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების საკითხზე მსჯელობისას, თავი შეიკავონ პოლიტიკური ქულების დაწერისგან.