“თუკი დავდგებოდი არჩევანის წინაშე, მყავდეს მთავრობა პრესის გარეშე ან პრესა მთავრობის გარეშე, არც კი დავფიქრდებოდი, ისე ავირჩევდი მეორეს”, – წერდა აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი, რომელმაც კარგად იცოდა “მეოთხე ხელისუფლების” როლი და მნიშვნელობა.
როგორია ქართული მედიის მდგომარეობა დღეს? – ამ საკითხზე ჩვენს ჟურნალ “გზას” ცნობილი ტელეწამყვანი – გიორგი თარგამაძე ესაუბრება:
”ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ჟურნალისტიკას ორი ძირითადი გამოწვევა აქვს: პირველი – თავისუფლებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციის შენარჩუნება და მეორე – პროფესიული სტანდარტების დაცვა. აქვე გეტყვით, რომ პირველ რიგში, სატელევიზიო ჟურნალისტიკაზე ვისაუბრებ, რადგან ეს ჩემი სფეროა, თანაც, 21-ე საუკუნეა და ტელევიზიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე. სამწუხაროდ, საქართველოს მსგავს ქვეყნებში, კრიტიკულ ტელევიზიებს მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ.
მე, როგორც პროფესიონალ ჟურნალისტს, მიმაჩნია, რომ ჩვენს საქმეში ყველაზე მთავარი პროფესიული სტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკაა. ოღონდ, ჟურნალისტი პროფესიულ სტანდარტს ვერ აიმაღლებს, თუ მთავარი ფუნქცია – გამოხატვის თავისუფლება და კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლება შეზღუდული აქვს. ჩვენს სინამდვილეში უმთავრესი პრობლემა მედიის თავისუფლების შენარჩუნება და გადარჩენაა. დამონებული, დამორჩილებული და ხელოვნურ ჩარჩოებში მოქცეული მედიის პროფესიული სტანდარტი არ არსებობს, რადგან ის თავის პროფესიულ მისიას ვეღარ ასრულებს. მთავრობები იცვლებიან, მაგრამ ქართული ჟურნალისტიკა მუდმივად რჩება დარტყმის მთავარ ობიექტად. არ შეიძლება ამან გავლენა არ იქონიოს ქართული მედიის მდგომარეობასა და მის ხარისხზე.
ძალიან ძვირი დაუჯდა ყველა თაობას, რომელმაც თავისუფალი მედიის დროშა ბრძოლის ველზე არ დატოვა. ყველა ხელისუფლებას აქვს რაღაც მიზეზი თუ საბაბი, რის გამოც, მედიას უპირისპირდება. მაგალითად: წინა ხელისუფლება თავის მთავარ ამოცანად ქვეყნის მოდერნიზაციას ისახავდა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა ხელის შემშლელ ფაქტორად მიაჩნდა. ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომა იყო, რასაც მაშინაც მკაფიოდ ვაცხადებდი და დღეს, ეს შეხედულება კიდევ უფრო განმიმტკიცდა. ალბათ, მკითხავთ, რატომო? – დღევანდელი ხელისუფლების თავგასულობა სწორედ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების ნაყოფია, რომელსაც ისევ ვიმკით. თუმცა, მათ შორის განსხვავება მაინც არის: წინა ხელისუფლებას ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი მართვის სტილი ჰქონდა და ამ სტილის ნაწილი იყო შეტევა მედიაზე, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კი, ანტიდასავლური ვექტორი აქვს არჩეული და აშკარად პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. მართვის რუსული მოდელი თავისთავად გამორიცხავს დემოკრატიას, დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობას, პოლიტიკურ კონკურენციას და თავისუფალ მედიას. იგი თავის თავში მოიცავს ავტორიტარიზმს. სწორედ ეს არის ძირითადი განსხვავება: ქართული მედია წინა ხელისუფლების დროსაც დაზარალდა და დღესაც ზარალდება, თუმცა, მე არ მომერიდება ვთქვა, რომ დღეს უპერსპექტივობის განცდა უფრო ძლიერია, ვიდრე მაშინ იყო. თუ საქართველო სვლას ამ ტრაექტორიით განაგრძობს, გამორიცხულია, ქვეყანაში თავისუფალმა, დამოუკიდებელმა მედიამ იარსებოს.” – აცხადებს თარგამაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: