როგორ ხვდებოდნენ გურულები ახალ წელს
ცნობილი ქართველი ეთნოგრაფისა და ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის სერგი მაკალათიას ნაშრომის „ახალწელიწადი საქართველოში“ (1827 წლის გამოცემა) მიხედვით
ძველად საქართველოში ახალი წლის დასაწყისად სხვადასხვა დრო და რიცხვი იყო მიჩნეული. მე-11 საუკუნიდან მიღებული იყო ორგვარი წელთაღრიცხვა, პირველი სექტემბერი და პირველი იანვარი. ერთი მათგანი განმწესებული იყო საეკლესიო წელთაღრიცხვისათვის ხოლო მეორე სამოქალაქოსათვის. მხოლოდ მე-17 საუკუნიდან რუსული ეკლესიის ზეგავლენით სამოქალაქო და საეკლესიო წელთაღრიცხვის დასაწყისად ჩვენში პირველი იანვარი დაწესდა.
ბასილა
წარმათულ დროში ახალი წლის დასაწყისი დაკავშირებული იყო მზის ღვთაებასთან, ამიტომ მასთან დაკავშირებული რიტუალიც დიდი ხნის წინ იყო შემუშავებული. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წლის დასაწყისი წმინდა ბასილი დიდის ხსოვნას დაუკავშირდა და ამის მერე დაიწყო ამ დღის აღსანიშნავი წარმართული წესების გადმოქრისტიანება, მიუხედავად ამისა ამ დღესასწაულს სახე მოჩვენებით გაუქრისტიანდა ხოლო სული წარმათული შერჩა.
წარმართობის დროს ტაბლაზე ცომისგან გაკეთებული მზის ღვთაების ფიგურა უნდა ყოფილიყო, ტაბლაზე დაწყობილი კვერები კი მასთან დაკავშირებული ღვთაებანი, რომლებსაც ჩვენი წინაპრები როგორც შვიდ მნათობთა სახით თაყვნას სცემდნენ. მესამე საუკუნეში ეკლესიამ ახალი წელი წმინდა ვასილი დიდის ხსოვნას დაუკავშირა და ამ დროიდან ტაბლაზე დადებული მზის ღვთაების ქანდაკებას „ბასილა“ ეწოდა.
ჩიჩილაკი
ჩიჩლაკის ეთნოგრაფიული გავრცელების არეალი გახლავთ სამეგრელო და გურია, შესაძლებელია ადრეულ დროში ჩიჩილაკის თეთრი და გრძელი ხუჭუჭი წვერები მზის სიმბოლო იყო, რომლის ხელით შეხებისას ქართველი მეკვლე, ბაბილონის მეფის მსგავსად მომავალზე წინასწარმეტყველებდა.
ასევე შესაძლებელია, რომ თხილის ხე რომლისგანაც ჩიჩლაკი მზადდება, როგორც ნოყიერი და უხმოსავლიანი ხე მზის ღვთაებისათვის ყოფილიყო შეწირული. ამასთანავე ქართული ჩიჩილაკი თავისი მორთულობით ძალიან წაგავს ბერძნულ „ირესიონს“, რომელიც ზეთსხილის ხის ტოტების ერთად შეკვრით კეთედებოდა, მას რთავდნენ მატყლით, ხილეულით, ტკბილეულით და მცირე ჭურჭლებით.
ღორის თავი
თითქმის მთელს საქართველოში საახალწლო ტაბლაზე განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ღორის თავს, ხოლო სამეფო ტაბლაზე გარეული ტახის თავს. ტახი ძველ საქართველოში ტოტემური ცხოველი იყო, რასაც ადასტურებს ის, რომ ტახის თავი დატანილია გიორგი I მიერ მოჭრილ ფულზე (1014-1027 წლები). კალანდის, ღორისთავის და ჩიჩილაკის ერთერთი გავრცელების არიალის ოდიშის ანუ სამეგრელო გახლავთ, რმლის ტოტემი ტახია და ოდიშის სამთავროს ვახუშტისეულ დროშაზეც მისი გამოსახულებაა. ტახის – ტყარ ღეჯის გამოსახულება ოდიშის მთავართა ჰერალდიკაში გამოხატავს მეომრულ სულს, გახელებასა და თავგანწირვას.
როგორც ცნობილია საქართველოში წარმართობის დროს ღმერთებს ცხოველებს სწირავდნენ ისევე როგორც მთელს მაშინდელ მსოფლიოში, მაგალითად ძველი ბერძნები ღორს სწირავდნენ აფროდიტეს, ხოლო ღვთაება ადონისი თავდაპირველად გარეული ტახის სახით წარმოედგინათ. ძველ ეგვიპტეში მიაჩნდათ, რომ ღორებმა ადამიანებს მიწის დახვნა ასწავლეს და მათ დიდი პატივით ეპყრობოდნენ და მათი ჭამა აკრძალული იყო, მაზდეაუნურ სპარსეთში კი ღორი ღვთაება მითხრასადმი შეწირულად ითვლებოდა.
წარმართულ დროში საქართველოში გავრცელებული იყო ხეთა თაყვანისცემა, განსაკუთრებით კი მუხას სცემდნენ პატივს, რომელიც მზის ღვთაების სადგომად ითვლებოდა, ვინაიდან ღორები კი მუხის წმინდა ნაყოფით იკვებებოდნენ მორწმუნეები თვლიდნენ, რომ ღორები ხელშეუხებელნი და მზის და მუხის ღვთაებისთვის შეწირულნი იყვნენ. შესაბამისად წარმართულ საქართველოში ღორი ხელშეუხებლად ითვლებოდა და მისი ჭამა არ შეიძლებოდა. მაგალითად ფშავ-ხევსურები მიუხედავად გაქრისტიანებისა არ ჭამდნენ ღორის ხორცს, რადგანაც ამას ხატი ანუ ძველი ღვთაება უკრძალავდათ.
საქართველოში შემორჩენილი თქმულების მიხედვით – „ერთხელ თურმე წმინდა ბასილი ლოცვად იდგა და იმ დროს მას ღორმა ახლოს გაურბინა, ღორს მუცელში ეშმაკი ჰყავდა და იმის ხორცი არ იჭმევოდა. წმინდა ბასილი ჯვრით ხელში ღორს გამოეკიდა და სწორედ იმ დროს მოეწია, როდესაც ღორი წყალში გადახტომას აპირებდა. წმინდა ბასილმა მოასწრო და კუდზე ფეხი დააჭირა, იმავე წამში ეშმაკი ღორიდან გამოხტა და წყალში გადავარდა. მაშინ ბასილმა ღორი აკურთხა და საჭმელად გაგვიჩინა, ამიტომაც ჰქონია ღორს კუდი გაბრტყელებული“. თქმულებაში აშკარად საუბარია იმაზე, რომ წმინდა ბასილამდე ანუ მესამე საუკუნემდე ღორის ხორცს საქართველოში არ ჭამდნენ, ვინაიდან მაშინდელი გაგებით უწმინდური ანუ წარმართული იყო.
ამ მხრივ ასევე საინტერესო ხელმწიფის კარის გარიგება, რომლის მეორე პარაგრაფში აღწერილია საახლწლო რიტუალი ხელმწიფის კარზე. ძეგლის შინაარსის მიხედვით ხელმწიფის საახალწლო ქუდითა და მოსასხამით შემოსვის პატივი მონადირეთუხუცესს ჰქონდა _ ,,მას წელიწადის თავს დღეს მეფე არავისგან შეიმოსების ამისგან კიდე, რომე მონადირეთუხუცესი ყვითლით ყაბარჩით შემოსს, სახელმოკლით, ტყავიანითა, მოყვენთუსლითა, არა დია პრტყელად, საყელოსა, – და თავსა კარგისა ყვინდიზისა და და მაღლად აშვერილსა, მჭლოს შეკერულსა ქუდსა დაარქვამს.,, ამის შემდეგ მეფე ჩადიოდა საღვინეში სადაც საახალწლო სუფრა იყო გაშლილი, სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ველური ტახის მოხარშული თავი _- ,,საღვინეს წინ ქვე დასმენ მაღლა სკამითა, ტაბლას წინ დაუდგამენ და ველური ტახის თავს, მოხარშულს, წინ დაუდგამენ,,.
ასევე აღსანიშნავი, რომ ტახი არის სპარსული ცეცხლთაყვანისმცემლური ჰოროსკოპის ერთერთი გამორჩეული და პოზიტიური ნიშანია, იგი ხასიათდება სიძლირითა და გამბედაობით. მისი წელი ხასიათდება ინტენსიური ბრძოლებითა და წინააღმდეგობებით.
მეკვლე-ფეხადი
ხელმწიფის კარის გარიგებაში მეფის საახალწლო სუფრის აღწერისას მითითებულია, რომ თავდაპირველად მონადირეთ უხუცესი თავად სინჯავდა (მიიხვამდა) მწვადს და ეკითხებოდა მეფეს „ხვალ სიით ჰკვლევენ“, რაც მეკვლეობასთან იყო დაკავშირებული რადგანაც ახალიწლის დღე (პირველი რიცხვი) სწორედ მეკვლეობის დღე იყო.
ქართველი მეკვლე ძალიან წააგავს წარმართული დროის ქურუმს, ახლი წლის კერასთან ჩატარებული საახლწლო რიტუალი კი წარმართულ სამსხვეპლოს. მეკვლეს მიერ საახალწლო ტაბლის კერის გარშემოტარება და ლოცვა შერჩეული ფიჩხებით ცეცხლის ჩუმად ანთება, მუგუზალის შეჩინჩხვლით ლოცვა, მომავალზე წინასწარმეტყველება ყველაფერი ეს კერის კულტის ნაშთია. ოჯახის მეკვლეს ირჩევდნენ უხუცესთაგან, რომლის მოვალეობა იყო ღორის დაკვლა, თესვით და დანამვით დალოცვა და მომავალზე წინასწარმეტყველება.
კალანდა გურიაში
სერგი მაკალათიას აღწერილი აქვს კალანდის როგორც იმდრინდელი საახლწლო რიტუალი ისე უფრო ძველი დროში არსებულიც.
პირველი ვარიანტის მიხედვით – ახალ წელს ადრე დილით მამლის ყივილამდე დგება მთელი ოჯახი, მამაკაცები ღორისთავს და სანოვაგით სავსე გობს, ჩიჩლაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარანში შედიან, მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს მიწაზე დგამს და ჩაფს ღვინით აავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილს შესთხოვს ოჯახის ბედნიერებას, შემდეგ მეკვლე იღებს გობიდან კაკალს და წმინდა ბასილს ეხვეწება, რომ ამ კაკალივით მისი ოჯახი სიკეთით გაავსოს. თუ გატეხვის შემდეგ კაკალი ცარიელი აღმოჩნდა, რაც უბედურების მომასწავებელია იგი ხელმეორედ შესთხოვს წმინდა ბასილს, რომ მისი ოჯახი გატეხილ კაკალს არ დაამსგავსოს.
ამის შემდგომ ყველანი სახლისაკენ გაემართებიან მეკვლე კარზე სამჯერ აკაკუნებს, სიტყვებით „კარი გამიღე“, სახლიდან სამჯერვე პასუხობენ „რა მოგაქვს“. ამაზე მეკვლე ჩამოთვლის სხვადასხვა სანატრელ საგნებს და სხვათა შორის იტყვის: „მომყავს ოსმალეთის ფაშა, სპარსეთის შაჰი და მათი სიმდიდრით დატვირთული ჯორებიო“
შემდეგ კარებს უღებენ და იწყება საახალწლო მილოცვები. თავდაპირველად ახალწელიწადს, ხელში ცხემლი ნაფოტით, ოჯახის კერას ულოცავენ. ნაფოტს კერაზე აგდებენ და თან ამბობენ: „ცეცხლო, ღმერთმა მრავალი კალანდა მშვიდობით გაგითენოს შენი ბატონიანათო“.
მერე ულოცავენ შინაურ საქონელს „ღმერთმა ყველა კალანდა მშვიდობით გაგითენოს შენი ბატონიანადო“ .
ასევე აღწერილია მეორე უფრო ძველი ვარიანტი: „ახალი წლის ღამეს გურიაში მამლის ყივილისას ყველაგან გაისმოდა ხმა „ბასილა“ მოდის აიშალენითო. ყველანი დგებოდნენ და ანთებული სანთლებით სახლს სამჯერ უვლიდნენ, შემდეგ კარებზე სამჯერ დააკაკუნებდნენ „კარი გამიღე“ დიასახლისი კარს გაუღებდა.
პირველად ძვირფასად ჩაცმული ადამიანი შემოდიოდა ხელში ლანგარდით, რომელზეც ეწყო პური, წმინდა ბასილის გამოქანდაკებული სახე, ღორის თავი, ძვირფასი ნივთები და ხილეული. შემდეგ მეორე შემოდიოდა ხელში ჩიჩილაკით, მესამე ღვინით, მეოთხე მარცვლეულით და ა.შ.
ყველა იქ მყოფნი რიგრიგობით მათთან მიდიოდნენ, ულოცავდნენ ახალ წელიწადს და ხელის შეხებით საგნებს სინჯავდნენ, გამობრუნებისას სათითაოდ ცეცხლში ნაფოტს აგდებდნენ.
გარდა ამისა გურიაში გავრცელებული ყოფილა შემდეგი ჩეულებაც: ახალი წლის გათენებისას კერაზე დიდ ცეცხლა დაანთებდნენ და ოჯახის წევრნი ზედ ხტებოდენ. შემდეგ ოჯახის უხუცესი ჩიჩლაკს აიღებდა და ახალი წლის მისალოცად გარეთ გადიოდა.
იმავე დღეს, საღამოს ჟამს, გურული მეკვლე საახალწლო გობით ისევ მარანში შედის და იქ ვაზის ნაყოფიერებაზე ლოცულობს. ბოლოს გობიდან ღორის თავს აიღებს საწნახელს სამჯერ მიარტყამს და ყვირის: „აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელიო“.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
მომზადებულია ეთნოგრაფისა და ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის სერგი მაკალათიას ნაშრომის „ახალწელიწადი საქართველოში“ (1927 წლის გამოცემა) მიხედვით.