“ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში გავიდა პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელმაც რვა წლიანი იძულებითი ემიგრაციის შემდეგ, დევნილ პრეზიდენტს სამშობლოში დაბრუნების გზა გაუკვალა.
ელგუჯა ცომაია, რომელსაც 6 წლიანი სასჯელის ემუქრება, ყვება, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ნამდვილ ამბავს. ამბავს, რომელის მოსმენაც სააკაშვილის თითქოს ერთგულ გარემოცვას ყველაზე მეტად არ მოეწონება.
ვინ უღალატა პრეზიდენტს? – 68 წლის პენსიონერი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ფოთის პორტიდან გამოსვლისთანავე სანდო ადამიანს გადააბარებდა და ამით მისია შესრულებული იქნებოდა. თუმცა სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ სააკაშვილს არავინ მიაკითხა და პრეზიდენტმა მას სახლში წაყვანა სთხოვა.
ირკვევა, რომ 8 დღის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ერთადერთი პატრონი ტრაილერის მძღოლი, ელგუჯა ცომაია იყო.
ელგუჯა ცომაია ამბობს, რომ ბათუმიდან თბილისისკენ მომავალ სააკაშვილთან კავშირზე არავინ გასულა, დუმდა მისი ყველა ტელეფონი, ერთდერთი მესიჯი ხაშურთან ელგუჯა ცომაიამ მიიღო, უთხრეს მალე მისამართს მისცემდნენ, სადაც თბილისში პრეზიდენტი უნდა მიეყვანა.
კონსპირაციული ბინის მისამართს პრეზიდენტი ხაშურიდან თბილისამდე ელოდებოდა, თუმცა დედაქალაქში ჩამოსულმა სააკაშვილმა აღმოაჩინა, რომ არც ბინა არსებობდა და არც ადამიანი, ვინც მას დახვდებოდა. ამიტომ იძულებული გახდა ელგუჯა ცომაიასთვის ისევ სახლში დაბინავება ეთხოვა.
ელგუჯა ცომაია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ მას პრეზიდენტის ტრანსპორტირება ვანო მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ თხოვა. იყო თუ არა ის პასუხისმგებელი საქართველოში გადაადგილებაზე, ცომაია ვერ აკონკრეტებს, თუმცა პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს უღალატეს.
მისი თქმით, იმ პერიოდში, როცა მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე ორი დღე მის საცხოვრებელ სახლში ქვიშხეთის ქუჩაზე გაატარა, მისი ბედით არავინ დაინტერესებულა. პრეზიდენტთან კონტაქტზე იმ ხალხისგან ვინც მისი მარშრუტი დაგეგმა, არავინ გასულა.