მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს და ხელისუფლებას, მესამე პრეზიდენტის
საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.
გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ: “მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებამ 2021 წლის ოქტომბერში დააპატიმრა ბრალდებით, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია”
“მაკკეინის ინსტიტუტი დგას სააკაშვილთან, ოდესღაც უფრო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ლიდერთან და ჩვენი თანამოსახელე სენატორ მაკკეინის მეგობართან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და სამედიცინო დახმარებისთვის გადაყვანის აუცილებლობას და ვუსურვებთ ძლიერ და სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ექიმმა ეველინ ფარკასმა, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მთელი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავდა. დაიკითხა ამერიკელი ექსპერტი დევიდ გოლდსმიტი, რომელმაც განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს დემენციის ნიშნები აქვს და რომ ის, ქართულ ციხეში წამების მსხვერპლი გახდა.
პროცესზე დისტანციურად ჩართეს მიხეილ სააკაშვილი. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საზოგადოებამ დღეს პირველად ნახა რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი, ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად.
სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მცირე ხნით ჩაერთო. ერთი საათის შემდეგ მან თავი შეუძლოდ იგრძნო და პროცესი უკვე მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდა.
სასამართლო 29 დეკემბრისთვის გადაიდო.