მწერალი, გიორგი კეკელიძე საქართველოს კუთხეებს და მზის ამოსვლას ახასიათებს. მწერალი საკუთარ შთაბეჭდილებებზე სოციალურ ქსელში წერს.
“ყველა კუთხეს საკუთარი მზის ამოსვლა აქვს. რაჭაში ფრთხილად, ყველა გამღვიძებლის გათვალისწინებით ამოდის, თითქოს გრძელი წინადადებაა და ყველაზე ზარმაცისთვის დააყოლებს ფეხათრეულ სხივს, სახელად – ,,ქვეშენიჭირიმე”.
გურიაში ფაცხა-ფუცხით ამოირბენს, საკუთარ თავს ეკითხება: რაფერ ხარ? როის ამოი? როის ჩახვალ? და ჩადის.
ქართლი სხვადასხვანაირია და ერთი მზე ვერ ეყოფა. ცოტა დასავლეთით მზე ისე ამოგორგალდება, თითქოს თონედან ცხელი და მრგვალი პური ამოიღესო. ცოტა აღმოსავლეთითაც იგივეა, ოღონდ პურს ოდნავ გვერდები აქვს შებრაწული.
იმერეთიც სხვასხვაობს და იმერეთშიც რამდენიმე მზე ამოდის. ლიხს ახლო იმერული მზე ცელქია, ასკინკილათი მოხტუნაობს და სხივებს კენჭებივით ესვრის ფანჯრებს. შუა იმერული მზე ცოტა მორღვეული ჩოხით ამოიწვერება, ხან თეთრია ეს ჩოხა-ღრუბელი, ხან ნაცრისფერი. მერე მუხლს შემოდებს რომელიმე მთაზე, შეისვენებს და აწეული წარბით შეგვათვალიერებს. იქითა იმერული ტყუპია შუასი, ოღონდ ეგ არის, რომ ჩოხა კარგად ამოკემსილი აქვს.
კახეთში მზე დარბაისლური დოინჯით გადგება თავზე და დაჟინებით გიყურებს. ისეთია მისი მზერა, თუ არ ადგები, კარგ ღონიერ პანჩურს რომ გიმზადებს. ვერ შეედავები. კახური მზე ყველაზე მართალია.
სამეგრელოში მზე მზე არ არის – ჯადოსნური ელარჯია. მარტვილის ბაზარში რომ კაცი სიმინდს ყიდის და იმის გვერდით ქალი ყველს, იმ ქალის ზურგის მხრიდან ამოდის და განმუხურამდე გადაიწელება.
სვანური მზე ისეთი პირდაპირი და სუფთაა, სულ რომ უცოდველი იყო, თვალებში ვერ ჩახედავ. შეგრცხვება რაღაც დიდის და მიუწვდომელის.
ამ მზის მსგავსია ფშავ-ხევსურეთის მზე, ოღონდ ეს მზე ნაპირ-ნაპირ დადის, თითქოს თვითონ გინდობს და გარიდებს თვალის თვალში გასწორებას.
სამცხე-ჯავახეთში რომ მზეა, ეგ მზე ისე გავიცანი, რომ ამოვიდა განა ცაზე, პირდაპირ აივანზე ამოვიდა და სხივები ძნასავით მიაწყო და ღიღინით მეზობელთან გადავიდა მალევე სხვა ძნით. ასე სახლ-სახლ ამოდის მესხური მზე.
დუშეთის მზე ლოცვას ჰგავს, მოხუცი ქალის ლოცვას, თითქოს ცოტა გაურკვეველს და ყველაზე წმინდას – როცა ამოდის, ცოტა წვიმასაც ამოაყოლებს. ცვარივით დევს მერე ეს წვიმა ლოცვაზე ამოსულ ფრთხილადმწვანე ბალახებზე.
ლეჩხუმის მზე ხელგაშლილი ამოდის. ამოდის და დაუკითხავად გეხუტება, გამთბარი ხის სახლის სუნი აქვს ამ ჩახუტებას და მარანში შენახული ზამთრის ვაშლის გემო. ეს ერთიც და მეორეც თხრობით მაინც უნდა იცოდეთ, თორემ ძნელად გაიგებთ ამ ჩახუტებას.
აჭარული მზე განდაგან ამოიცეკვებს. ხულოიდანა, ქედაში ჩერდება, თუთუნს იყიდის და სანაპიროზე გააბოლებს. დაუძახებ და ყურსაც არ გათხოვებს, ზმორებით ჩაყვება ტალღებს და სადღაც სხვა ქვეყანაში ამოვა, სადაც ვინმე ჩემნაირ მოკირკიტეს მოუყვება, რომ არსებობს ქვეყანა სადაც ბევრი მზეა. მე კიდევ ცოტაზე მოგიყევით”, – წერს კეკელიძე.