ივნისიდან კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე კიდევ უფრო გაიზრდება – სებ-ი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი, უცვლელად, 9.5%-ზე დატოვა. როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, ინფლაციური პროცესების გააქტიურება გლობალურად შეინიშნება, თუმცა ეს პანდემიის თანმდევ დროებით მოვლენად მიიჩნევა.

რაც შეეხება მიზეზებს, რომლებმაც შესაძლოა, საქართველოში ინფლაციაზე გავლენა მოახდინოს, სებ-ში მიიჩნევენ, რომ თბილისში გაზის ტარიფის ზრდის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ივნისიდან კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე კიდევ უფრო გაიზრდება.

„საქართველოში მაისის წლიურმა ინფლაციამ 7.7% შეადგინა. მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე გაზრდილი ფასებისა და გაცვლითი კურსის წინა პერიოდებში გაუფასურების ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელზე იმპორტული საქონლისა და სურსათის ფასების გავლენა კვლავ მაღალია.

ამასთან, გლობალურად მზარდი ნავთობის ფასები საწვავის გაძვირებასა და, შედეგად, ინფლაციაში მისი წვლილის მატებას განაპირობებს.

გარდა ამისა, თბილისში გაზის ტარიფის ზრდის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ივნისიდან კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე კიდევ უფრო გაიზრდება. ნიშანდობლივია, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში დამატებით დროებით გაზრდის“, – ნათქვამია სებ-ის რელიზში.

შეგახსენებთ: 1 ივნისიდან ბუნებრივი გაზი “თბილისი ენერჯის” მომხმარებლისთვის, დაახლოებით, 8 თეთრით გაძვირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. სამომხმარებლო ტარიფების ზრდა თავად კომპანიის მოთხოვნით მოხდა. შედეგად 1 ივნისიდან ქვეყანაში ახალი ტარიფი იმოქმედებს და 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46.138 თეთრის ნაცვლად 53.972 თეთრი ეღირება.

https://bm.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: