ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ბუკის სისტემის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ მორიგი ანტიდასავლური და მოღალატეობრივი კამპანია წამოიწყო.
ბოკერიას თქმით, უკრაინისთვის ბუკის სისტემების გადაცემის შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღება გაძლიერდებოდა აშშ-ის მხრიდან, თუმცა მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ ეს პროპაგანდის მთავარ ხაზს – დასავლეთის მიერ ქვეყნის ომში ჩართვას დაუკავშირა”.
ბოკერიას თქმით, ქართული ოცნებისთვის “საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ქვეყნის ომში ჩართვის ტოლფასია”. ის ამბობს, რომ ოცნების “ლოგიკა” შემდეგნაირია: “თუ არ გავაძლიერებთ ჯარს, ომს გადავრჩებით”.
“ბუკის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა-არგადაცემის საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმის ანტიდასავლური, ანტიქართული, მოღალატეობრივი პროპაგანდის მორიგ ეპიზოდს ვადევნებთ თვალს. აქაც, ტრადიციულად, მრავალი ტყუილი ითქვა.
ჯერ მოიგონეს პირველი სიცრუე, თითქოს უკრაინულმა მხარემ ან ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თქვეს, რომ უკრაინამ საქართველოს 2007 წლის ბოლოს, რუსულ აგრესიამდე ბუკის ტიპის იარაღი უფასოდ გადასცა. მსგავსი არავის არაფერი უთქვამს.
მაშინვე ითქვა, რომ იარაღის გადმოცემა ფასის სანაცვლოდ მოხდა, უბრალოდ, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, რომ იმ დროს რუსეთი არაერთ ქვეყანაზე ეფექტურ წნეხს ახორციელებდა, რომ საქართველოსთვის იარაღი არ მიეყიდათ და სწორედ ასეთ ვითარებაში მიიღო უკრაინამ ეს გადაწყვეტილება.
მაშინ რუსეთს არაერთ დასავლურ ქვეყანაში, მართალია, რთული, თუმცა მაინც მოკავშირის რეპუტაცია ჰქონდა და პუტინის რუსეთი დასავლეთში საკმაოდ ეფექტური პროპაგანდის წარმოებას ახერხებდა, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა იყო საშიში და ვითარებას გაამწვავებდა. ასეთ საერთაშორისო კონტექსტში უკრაინის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის მიეყიდა იარაღი, იყო პრინციპული პოლიტიკური მნიშვნელობის.
ამ სიცრუეს დააშენეს შემდეგი, თითქოს ახლა უკრაინა ითხოვს ჩვენგან, სანაცვლოდ ბუკის ტიპის იარაღს უფასოდ.
სინამდვილეში კი, იმავე წყაროს ცნობით, ბუკის ტიპის იარაღის სანაცვლოდ შეერთებული შტატები საქართველოს უკეთეს შეიარაღებას გადასცემს. თუკი ვინმეს უჩნდება კითხვა, ამის გათვალისწინებით, რატომ სჭირდება უკრაინას ბუკის სისტემა, უკრაინის სამხედრო ამოცანებს თავისი სპეციფიკა აქვს, რომელიც ზეთანამედროვე შეიარაღებასთან ერთად, მსგავს შეიარაღებასაც მოითხოვს.
თუმცა ეს მეორეხარისხოვანია, მთავარი კი ის გახლავთ, რომ ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს შეიარაღება გაძლიერდებოდა.
პარადოქსულია, თუმცა ამ რეჟიმის პროპაგანდისთვის ნიშანდობლივი, რომ ისინი შეერთებული შტატებისგან უკეთესი იარაღის მიღების პირობას ადასტურებენ, თუმცა ამას უკავშირებენ თავიანთი პროპაგანდის მთავარ ხაზს, რომ ასე ცდილობს დასავლეთი ჩვენს ომში ჩართვას.
არსებითად, ეს ნიშნავს, რომ მათთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მისი ომში ჩართვის ტოლფასია. პუტინის რუსეთის ზუსტად იმ პროპაგანდას იმეორებენ, რომლის საპირისპიროდაც უკრაინამ რუსულ აგრესიამდე იარაღი მოგვყიდა.
თუ ამ მოღალატეობრივ აბსურდს დავუჯერებთ, მაშინ არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე ფიქრი უნდა შევწყვიტოთ, არამედ ჯარიც უნდა გავაუქმოთ, რადგან ესეც რუსეთთან ომში ჩართვის ტოლფასია.
სამწუხაროდ, ამ სიცრუისა და პროპაგანდის ნიაღვრით რეჟიმმა საზოგადოების რაღაც ნაწილის დაშინება მოახერხა. სიმართლე კი სრულიად საპირისპიროა.
სწორედ შემდგომი ანექსიის რისკის შესამცირებლად არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ ისარგებლოს ამ შესაძლებლობათა ფანჯრით, გაძლიერდეს, რათა უკრაინაში მარცხის შემდეგ, პუტინის რუსეთმა იცოდეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა ძვირი დაუჯდება.
ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვისარგებლოთ უკრაინაში რუსეთის კატასტროფული წარუმატებლობით და გავძლიერდეთ მაქსიმალურად, ხოლო რუსეთის უკრაინასთან დამარცხების მომენტში მზად ვიყოთ ნატოს წევრობისთვის, ან წევრობისკენ შემდგომი ნაბიჯისთვის.
ამის საპირისპიროა ივანიშვილის რეჟიმის “ლოგიკა”, რომ თუ არ გავინძრევით და ჯარს არ გავაძლიერებთ, ომს გადავრჩებით. ეს არის მოღალატეობრივი სისულელე და სიცრუე“, – წერს ბოკერია.
***
გუშინ, 9 იანვარს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული საზენიტო-სარაკეტო “ბუკის” სისტემების დაბრუნება სთხოვა.
გარდა “ბუკის” სისტემებისა, კასიანოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის მოთხოვნა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც მოიცავდა. ამასთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.
კასიანოვის სტატიას ქართული ოცნების წევრებისგან კრიტიკა მოჰყვა. დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ სამხედრო აღჭურვილობაში “მილიარდებია გადახდილი“, რომ ანდრიი კასიანოვი “არაადეკვატურია თავის მოქმედებებში” და “საერთოდ, რასაც იგი [კასიანოვი] დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ”.
ოცნების წვერმა გივი მიქანაძემ კი განაცხადა, რომ “ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საქართველო რაღაცნაირად აი, ამ [უკრაინის] ომში იყოს ჩათრეული”.
დღეს, 10 იანვარს თავდაცვის სამინისტრო ბუკის სისტემებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს უკრაინისგან “უსასყიდლოდ” არ მიუღია. მათი თქმით, “ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების” მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, არ შეესაბამება სიმართლეს.