სასამართლოს გარეშე დარჩენილი გურულები – ადვოკატები სასამართლოების ფაქტობრივ დახურვაზე

გურიაში სასამართლოები თითქმის პარალიზებულია და რეგიონში მცხოვრები ხალხი ,ფაქტიურად ამ ინსტიტუციის გარეშეა დარჩენილი. ადვოკატთა კორპუსის ადგილობრივი წარმომადგენლები “გურიის მოამბესთან” აცხადებენ, რომ სასამართლო პრაქტიკულად პარალიზებულია.

ადვოკატები ამბობენ, რომ გურიაში სამი სასამართლოდან ორი- ჩოხატაურის და ლანჩხუთის სამაგისტრო სასამართლოები ფაქტობრივად დაკეტილია , ოზურგეთის რაიონული სასამართლო კი ვერ ფუნქციონირებს. მიზეზად უფლება-დამცველები მოსამართლეების არ არსებობას ასახელებენ. ადვოკატების თქმით, გურიაში მხოლოდ ორი მოსამართლეა, რის გამოც ისინი წლებია ვერც განაჩენის გამოტანას და ხშირ შემთხვევაში კი პროცესების დაწყებასაც ვერ ახერხებენ. სწორედ ამ პრობლემის შესახებ საუბრობს “გურიის მოამბესთან” ადვოკატი მარინა ტუღუში: ”ოზურგეთის სასამართლო არ არსებობს, დაგვიმატონ მოსამართლეები, როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს. პროცესი ვერ ინიშნება მოსამართლის არ არსებობის გამო..გურულები მაინც იუმორით სავსე ხალხია და ჩემი კლიენტი მირეკავს ლანჩხუთელი, ქალბატონო მარინა, ჩემი მომჩივანი ხომ არ მომკვდარა, საქმე ასე რატომ ჭიანურდებაო” – აცხადებს ტუღუში.

გურიაში სასამართლოს პრობლემებზე საუბრობს ასევე ადვოკატი კახა ჩავლეშვილი: ”პრაქტიკულად, არანაირი ვადა არაა დაცული და საქმეები, რომლებიც ორ-სამ თვეში უნდა განიხილონ, წლობით გრძელდება. ისეა საქმე. რომ საქმის დასრულებაზე არაა ლაპარაკი, საუბარია, დაიწყება თუ არა ეს საქმე ოდესმე, საქმის განხილვები არ იწყება”.

მოსამართლეების სიმცირეზე საუბრობს აგრეთვე ადვოკატი ემზარ ურუშაძე: ”2017-18 წლის სარჩელებია , რომლებიც არ დანიშნულა. ეს გამოიწვია მოსამართლეების სიმცირემ.”

ადვოკატები მიიჩნევენ რომ იუსტიციის საბჭოს უმოქმედობით, ვისი კომპეტენციაცაა მოსამართლის დანიშვნა, ირღვევა ათასობით ადამიანის უფლებები. ადვოკატ გოჩა ძიმისტარიშვილის განცხადებით,  ხელისუფლებას ეს პრობლემა არ ადარდებს: “ეს კი ხელისუფლებას არ ადარდებს, რადგან მათთვის მთავარია ეს ინსტიტუცია „ხელიდან არ გაექცეს“ და შემთხვევით დამოუკიდებელი მოსამართლე არ დანიშნონ“ – აცხადებს ძიმისტარაშვილი.

“გურიის მოამბე” იმყოფებოდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ იმ წუთებში ადგილზე არცერთი მოსამართლე არ იმყოფებოდა.

ოპოზიციაში სრულად იზიარებენ ადვოკატების წუხილსა და ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ უნდა დამოუკიდებელი მოსამართლის  დანიშვნა, რადგან ამ შემთხვევაში, სასამართლო ვერ შეასრულებს სადამსჯელო ღონისძიებებს, ზონდერ-მოსმართლეები კი დეფიციტია და ისინი დიდი ქალაქებისათვის ყავთ შემონახული: “მოსამართლეებს არ ნიშნავენ ერთადერთი მიზეზით , ეს მოსამართლეები უნდა იყვნენ ხელისუფლების მიერ მართული და მათ არ უნდა გაეპაროთ ისეთი მოსამართლე, რომელიც მათ ზონდერულ დავალებას არ შეასრულებს”- განაცხადა “გურიის მოამბესთან” საუბარში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თათია ნიკოლაშვილმა.

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი და “ნაციონალური მოძრაობის” ადილობრივი ლიდერი დავით მჟავანაძე კი აცხადებს, რომ მოსახლეობა სიმართლის გასარკვევად ნაცვლად სასამართლოებისა ე.წ. ”კანონიერ ქურდებში” გარბის: “როცა სახელმწიფო არ ზრუნავს იმაზე, რომ პრობლემა გადაიჭრას, დაზარალებული ცდილობს სასამართლოს გვერდის ავლით მოაგვაროს მისი პრობლემა. ”ქართული ოცნების”  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  ისევ აღდგა კრიმინალური მენტალობა და ამას ხელს უწყობს კლანის მიერ მავნებლური უმოქმედობა” – აცხადებს მჟავანაძე.

ადვოკატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  მოსამართლეების დამატების მოთხოვნით მიმართავენ, რადგან იუსტიციის საბჭოს უმოქმედობით, ათასობით ადამიანის უფლებები ირღვევა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share