ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა 2022 წლის დეკემბერში ჩინურ, არაბულ და რუსულ ენებზე მუსლიმანურ სამყაროს ნატოს წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მან „უამრავი საომარი კონფლიქტის მიზეზი“ უწოდა, რომელიც თითქოს იმ ღირებულებების პროპაგანდას ახდენს, რომელიც მუსლიმანური სამყაროს კულტურისა და ტრადიციებისთვის მიუღებელია. მიმართვაში მას არ უსაუბრია იმ მოვლენებზე, რომლებსაც რუსეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში ახორციელებს, მათ შორის – ჩეჩნეთში ორ ომზე, კონფლიქტზე საქართველოში და 2008 წლის ომზე, ყირიმის ანექსიასა და უკრაინაში შეჭრაზე.
ჩინურ ენაზე მიმართვისას კადიროვმა არც ის რეპრესიები ახსენა, რომელსაც ჩინეთის მთავრობის რეჟიმი მუსლიმანების, უიღურების წინააღმდეგ აწარმოებს.
აქამდე კადიროვის საგარეო პოლიტიკურ ინიციატივებს, ძირითადად, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ეხმაურებოდა. აღსანიშნავია, როდესაც 2020 წელს რამზან კადიროვმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს „ტერორიზმის შთამაგონებელი“ უწოდა, პესკოვმა განაცხადა, რომ „რეგიონების ლიდერები არ იღებენ მონაწილებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში“. პასუხად კი კადიროვმა განაცხადა, რომ მაკრონს მიმართა, „არა როგორც რუსეთის ჩინოვნიკმა, არამედ – უბრალო მუსლიმანმა“.
2021 წლის მაისში, ჩეჩნეთის ლიდერის მოთხოვნების საპასუხოდ, დიმიტრი პესკოვს ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც მოუწია მობოდიშებამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, ვინ არის დაკავებული რუსეთის საგარეო პოლიტიკით.
2021 წლის ბოლოს კადიროვმა თურქეთის პირველი პირის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგაც გამოთქვა უკმაყოფილება და პრეზიდენტი გააკრიტიკა, რადგან მან თურქეთის ერთ-ერთ სკვერს იჩკერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის სახელი მიანიჭა. ამ შემთხვევაშიც ეცადა პესკოვი ვითარების შემსუბუქებას და თქვა, რომ „რუსეთის რეგიონის მმართველმა ძალიან ემოციური განცხადება გააკეთა, თუმცა ამის ახსნა შეიძლება, რადგან მან რამდენიმე ომი გადაიტანა“.
2022 წლის იანვარში, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადგილას აქამდე, დიდი ხნის წინ „აიღებდა უკრაინას“, რომელიც თითქოს „აშშ-ის მმართველობაშია“. ამჯერად პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები კადიროვის კომპეტენციაში არ შედის. პესკოვმა მაშინაც განაცხადა, რომ კადიროვს ეს არ უთქვამს, როგორც რეგიონის ხელმძღვანელს…
2022 წლის ზაფხულში კადიროვმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გააკრიტიკა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრი ქვეყნები. მან საზოგადოებას ყაზახეთში იანვრის საპროტესტო აქციების დროს რუსეთის დახმარება შეახსენა. ამ განცხადებას გამოეხმაურნენ ყაზახი ჟურნალისტები და ბლოგერები, რის შემდეგაც კადიროვი იძულებული გახდა, განმარტება გაეკეთებია.
ჩეჩენი უფლებადამცველის – ადამ დ-ს აზრით, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ისურვა, რამზან კადიროვისთვის რესპუბლიკის ხელმძღვანელის სკამი ვიწროა და მას გავლენის გაფართოება სურს.
„კადიროვის მორიგი „ანტიდასავლური“ პასაჟის მთავარი გზავნილია შეუჩერებელი მისწრაფება, დარჩეს პუტინის ხელქვეითთა მოწინავე რიგებში და პუტინს მუდმივად უმტკიცოს, რომ მისი შეშლილი პოლიტიკის ერთგული რჩება. მაგრამ ჩეჩნეთის ლიდერი ამას მისთვის დამახასიათებელი თავგამოდებით აკეთებს. შეიძლება ვთქვათ,რომ თუ არსებობს პუტინი, არსებობს კადიროვიც, არ იქნება პუტინი? – არ იქნება არც კადიროვიც“, – აღნიშნავს უფლებადამცველი Кавказ.Реалии-სთან.
“კადიროვს, რომელიც ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობაშია, უფლება აქვს ისე მოიქცეს, როგორც ვერ მოიქცევა ვერც ერთი რუსი ლიდერი”, – აღნიშნავს პოლიტოლოგი ემილ ასლანი.
„თანამედროვე რუსეთში ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური კავშირები, რომელიც ხშირად ადგილობრივ და ფედერალურ პოლიტიკას განსაზღვრავენ. გარდა ამისა, 2000-იან წლებში პუტინის რეჟიმის მიერ ჩეჩენი ახმატ კადიროვის (რამზან კადიროვის მამა – რედ.) ოჯახი წარმოჩინდა ისე, როგორც რუსეთში რელიგიათაშორისი ტოლერანტობის ნიმუში“, – აღნიშნავს ექსპერტი.
პოლიტოლოგის თქმით, კადიროვი რამდენჯერმე შეხვდა ადგილობრივ მუსლიმანებს, რუსეთის თითქოს ანტიკოლონიალური და ტრადიციონალისტური ინტერესების წინ წასაწევად.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთში, სირიასა და სხვა ქვეყნებში რუსეთი მუსლიმანებს სასტიკად ექცევა, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ქვეყნებში, ანტიდასავლური განწყობებისა და საბჭოთა კავშირის ნოსტალგიის გამო, ამ ტაქტიკამ გარკვეული გამოხმაურება მოიპოვა”.
“კადიროვის განცხადებების შემდეგ რამე ქმედებებს არ უნდა ველოდოთ“, – აღნიშნავს ექსპერტი ტომაშ ბარანეცი. მისი თქმით, ამასთან ერთად საყურადღებოა, რომ სხვა ჩრდილოკავკასიური რეგიონების მმართველები ვერ მისცემენ თავს უფლებას, ასე გამოხატონ საკუთარი აზრი.
„კადიროვის სიტყვა მხოლოდ მისი ამბიციების ამსახველია. ის ყოველთვის ხედავდა საკუთარ თავს იმაზე მეტად, ვიდრე რეგიონის მმართველია და კიდევ ერთხელ სურდა, სხვა გუბერნატორებისთვის ეჩვენებინა, რომ მისი პოზიციები გაცილებით უკეთესია და ძალაუფლების ვერტიკალში მას უკეთესი ადგილი უჭირავს“, – აღნიშნავს ბარანეცი.
კვირის პალიტრა