ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე თეონა ჯაყელი, რომელიც ამ პოსტზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დროს დაინიშნა, თანამდებობას ტოვებს.
გათავისუფლების შესახებ განცხადებაში ჯაყელი მადლობა უხდის წულიკიანს, თუმცა განსხვავებული ხედვების გამო ითხოვს, რომ დაკმაყოფილდეს მისი თხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
“პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
მოცემულ პოზიციაზე მუშაობის ურთულესი თვეების მანძილზე ჩემი კურატორობით მიმდინარეობდა მასშტაბური საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროფესიონალების გუნდთან ერთად დაიდო საინტერესო შედეგები.
მოცემულ ეტაპზე კულტურის მინისტრის ხედვა მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე არ ემთხვევა ჩემს პროფესიულ ხედვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ვტოვებ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას”, – წერია განცხადებაში, რომლის ასლიც რადიო თავისუფლებას მიწოდეს.
ცნობისთვის, თეონა ჯაყელის თანამდებობებზე დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში ეროვნული მუზეუმიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რომლის ოფიციალურ მიზეზადაც რეორგანიზაცია დასახელდა.