“კარგი იქნება…თუ სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს…სააკაშვილისაკენ მიმართავს”- წულუკიანი EU-ს ელჩზე

კულტურის მინისტი, თეა წულუკიანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეშფოთებას მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გასაკვირს უწოდებს.

მისი თქმით, ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს აკეთებს. წულუკიანი ელჩს “ურჩევს” ეს მოწოდებები მიხეილ სააკაშვილისკენ მიმართოს და მოუწოდოს მას “შეწყვიტოს მიუღებელი ქცევა”.

ამ თემაზე მინისტრის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს:

“მისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა კიდევ უფრო წარმატებული იყოს, სასურველია თავად პატიმრის მხრიდან პენიტენციურ სამსახურთან უკეთესი თანამშრომლობა. ამიტომაც ძალიან კარგი იქნება, თუ ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს მიმართავს სააკაშვილისაკენ და მოუწოდებს, შეწყვიტოს მიუღებელი ქცევა, რომლითაც ის გამოირჩევა ექთნების, ექიმებისა და სხვა წარმომადგენლების წინაშე. საკუთარი ჯანმრთელობის, პრობლემების უკეთესად მართვის მიზნით, ითანამშრომლოს სწორედ პენიტენციურ სამსახურთან და იმ სამოქალაქო სამედიცინო სექტორთან, რომელშიც იმყოფება კომფორტულ პირობებში, ასე ვთქვათ, ორპალატიან ლუქსში და გამორჩეულ პირობებში.

ასევე, ბატონმა ჰერჩინსკიმ მოგვიწოდა, უკეთესად ვიზრუნოთ პატიმრებზე, ყველა პატიმარზე თანაბრად ვიზრუნოთ. მინდა, ვუთხრა, რომ მისი მოწოდება ჩვენ უკვე გავითვალისწინეთ და შევასრულეთ. მაგალითისთვის, 2010 წელს საქართველოს საპატიმროებში უყურადღებობითა და, რეალურად, მზრუნველობის არარსებობით გარდაიცვალა 144 პატიმარი, შარშან გარდაიცვალა 21 პატიმარი. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჰერჩინსკის მოწოდება უკვე შესრულებული გვაქვს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მანამდე ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ყველა პატიმრის უფლებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share