საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციების დაწესების შესახებ.
ამ საკითხზე პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მიერ მედიისთვის აკრედიტაციების დაწესება რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა.
შალვა პაპუაშვილის თქმითვე, დაწესებულ რეგულაციებს საფუძვლად ორი პრინციპი უდევს – მედიის მიერ საზოგადოების ინფორმირების საჭიროება და პარლამენტში სამუშაო გარემოს შექმნა.
„რაც შეეხება მედიის აკრედიტაციის საკითხს, ეს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა. მოგიწოდებთ, ნუ დაიწყებთ იმ საკითხების პოლიტიზებას, რომელსაც ეს არ სჭირდება. ეს რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას. რაც შეეხება აკრედიტაციებს, პარლამენტის შენობა საჯარო სივრცე არაა – ეს არის დაწესებულება, სადაც მედიის საქმიანობისთვის საჭიროა შესაბამისი ნებართვა. ყველა პარლამენტში ასეა. ეს აკრედიტაცია თავისთავად შესაბამისი ქცევის წესებს გულისხმობს. ოპოზიციონერ დეპუტატებს მოგმართავთ – ორი პრინციპი, ორი სიკეთეა: ერთი ეს არის საზოგადოების ინტერესი, რომ პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდეს; მეორე კი ის, რომ საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს, აპარატის თანამშრომლებს შესაბამისი სამუშაო გარემო ჰქონდეთ. ეს არის ორი თანაბარ წონადი ინტერესი და სწორედ მათი შეფარდებით იქნა ეს რეგულაცია მიღებული. ეს კეთდება განსაკუთრებით თქვენთვის, რომ სამუშაო ატმოსფერო იყოს, მეორე მხრივ კი მედიას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვისაა საჭირო. მედიას პირადადაც განვუმარტე. დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეუწყობს საქმიან თანამშრომლობას პარლამენტის შიგნით და სამუშაო ატმოსფეროს უზრუნველყოფას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება საკითხზე თავად ანა ნაცვლიშვილის განცხადებას, მან პაპუაშვილის გადაწყვეტილებას წარმოუდგენელი უწოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, ამ საკითხზე კონსულტაციები გამართოს.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პარლამენტის თავმჯდომარის წარმოუდგენელ გადაწყვეტილებას, რომელიც მიემართება მედიის შეზღუდვას. 12 პუნქტში წერია – გააუმჯობესეთ მედია გარემოო და თქვენ აპირებთ, რომ მედიას პარლამენტის შენობაში ცენზურა დაუწესოთ. ბატონო შალვა, თქვენ, ფორმალურად გაქვთ დისკრეციული უფლებამოსილება, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს თვითნებობას. თქვენი უფლებამოსილება ვერ დადგება საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა. ძალიან სამწუხაროა, რომ გადაწყვიტეთ, ერთპიროვნულად მიგეღოთ ეს რეგულაციები. მინდა მოგიწოდოთ, რომ მინიმუმ, პოლიტიკური კონსულტაციები გამართოთ პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და მედიასთან და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც ამ ქვეყნის კონსტიტუცია გავალდებულებთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე, ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია. როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია მედიის იმ წარმომადგენლებს მიეცემა, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს.
ამასთან, პაპუაშვილის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის ქცევის წესები დგინდება, რაც 1-ელი მარტიდან უნდა ამოქმედდეს.