შემოქმედელი მიტროპოლიტი “დაუშვებელია არჩევნებში ღიად უჭერდე მხარს რომელიმე ერთ პარტიას”

“დაუშვებელია არჩევნებში ღიად უჭერდე მხარს რომელიმე ერთ პარტიას. ამის ქადაგება აკრძალულია, რადგანაც ყველა ქართველი ჩვენი სულიერი შვილია. სხვადასხვა იდეოლოგიის მხარდაჭერა ქრისტიანობა არ არის. ჩვენი პარტია მართლმადიდებლობაა. ყველა პარტიაში არიან კარგი ადამიანები და პირიქით. ჩვენ შეგვიძლია გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ პარტიაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც სიკეთეს სჩადიან და არა რომელიმე იდეოლოგიას”

ეს განცხადება, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა, შემოქმედის ეპარქიის რეზიდენციაში გამართულ საეკლესიო კრებაზე გააკეთა.

შემოქმედის ეპარქიაში,რომელიც მოიცავს ოზურგეთს, ჩოხატაურს და ლანჩხუთს  სამღვდელოების კრება გუშინ ჩასტარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ეპარქიის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი აქვეყნებს:

გთავაზობთ კრების ოქმს:

“შემოქმედის ეპარქიაში,რომელიც მოიცავს ოზურგეთს ჩოხატაურს და ლანჩხუთს ჩატარდა სამღვდელოების კრება.

შემოქმედის ეპარქიის სხდომის ოქმი
6 თებერვალი, 2023 წელი
ქ. ოზურგეთი
თავმჯდომარე: მაღალყოვლადუსამღვდელოესი შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები
კრებას ესწრებოდა შემოქმედის ეპარქიაში შემავალი 178 სასულიერო პირი, ეპარქიის უმრავლესობა.
სხდომა გახსნა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა. მეუფემ, პირველ რიგში, უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს, სამღვდელოებასთან ერთად, მიულოცა 90 წლის იუბილე, მადლობა გადაუხადა საჩუქრებისთვის, ჯვრებისა და ახალი აღთქმის წიგნებისთვის, რომლებიც სასულიერო პირებს დაურიგდათ.
სხდომის თავმჯდომარემ ბრძანა: ცხოვრება დამძიმდა. ჩვენ, როგორც უდაბნოში, ისე გვიწევს მოღვაწეობა. ღმერთს ადამიანების, თავისი სულიერი შვილების გადარჩენა სურს. უფალი ბრძანებს: ვინც ერთ ლოყაში გაგარტყამს, მეორეც მიუშვირეთ. ჩვენ, ადამიანებმა, ჯვარს ვაცვით უცოდველი უფალი, რომელმაც მაგალითი მოგვცა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ.
ღმერთმა გვასწავლა რა გზით ვიაროთ, რომ გადავრჩეთ. ჩვენ თავი უნდა გავწიროთ უფლისთვის. ეს ნიშნავს ადამიანებისთვის თავის გაწირვას, თავდადებას. ჩვენ ჩვენი პირადი ინტერესები გვერდით უნდა გადავდოთ. ვინც თავისი თავისთვის ცხოვრობს, ის დაკარგავს თავს; ხოლო ვინც ქრისტეს გულისთვის თავს დაკარგავს, ის მოიპოვებს მას. გავიმეორებ, რომ ეს ნიშნავს მოყვასისთვის თავის დადებას. ეს ყოველივე რთულია, მაგრამ უნდა შევძლოთ, უფალი დაგვეხმარება. უფალმა ყველაფერი გაიღო, ამიტომ ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. მოდით, ერთმანეთს ვაპატიოთ, შევინანოთ, დავთრგუნოთ ამპარტავნება. ღმერთმა მეც შემაძლებინოს თქვენთვის და ყველა ადამიანისთვის ცხოვრება.
მიტროპოლიტმა იოსებმა თქვა: როცა მადლიერმა სამღვდელოებამ უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს უთხრა, თუ როგორ აღენიშნათ მისი იუბილე, უწმინდესმა უპასუხა, რომ სამღვდელოებამ ჩაატაროს ნათლობები, ჯვრისწერები, მივიდნენ ოჯახებში და ეს იქნებოდა მისთვის საჩუქარი. ჩვენ უწმინდესს პატივი ვცეთ იმით, რომ შევიდეთ სოფლებში, შევიდეთ ყველა ოჯახში (ვინც შეგვიშვებს, რა თქმა უნდა) და ვაკურთხოთ მათი სახლები. ვაკურთხოთ ყველა ოჯახი ისე, რომ წლის ბოლომდე მოვიცვათ მთელი გურია. ამ 1 წლის განმავლობაში ვაკურთხოთ სახლები, ჩავატაროთ ნათლობები და ჯვრისწერები, სახლში ვაზიაროთ ხანშიშესულები, რომლებსაც სიარული არ შეუძლიათ. ეს იქნება ჩემი ლოცვა-კურთხევა. უფალი ბრძანებს: უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდით.
მეუფე იოსებმა აქვე ბრძანა: ჩვენი მთავარი მოვალეობა არის ღმრთის სიტყვის ქადაგება. გვეუბნებიან, რომ თურმე მღვდლების მთავარი მოვალეობა მშიერ-მწყურვალი ადამიანების დაპურებაა, ეს ძალიან კარგია, რასაც ჩვენი სამღვდელოება შეძლებისდაგვარად აკეთებს, რა თქმა უნდა, პიარის გარეშე. თუმცა ჩვენი მთავარი მოვალეობა ღმრთის სიტყვის ქადაგება და სულიერი საზრდოს მიცემაა ადამიანებისთვის: ნათლობა, ჯვრისწერა, სინანული, ზიარება, ზეთისცხება, რომლის შედეგად იზრდება ადამიანის სული. დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან ბევრი სიკეთე გაქვთ გაკეთებული, ყველა მოვალეა განსაცდელში მყოფ ადამიანს დაეხმაროს. ჩვენი უპირველესი მოვალეობა კი ღმრთის სიტყვის დათესვაა. მღვდელი, რომელიც ქადაგებს და რეალურად ქადაგების შესაბამისად არ ცხოვრობს, მის სიტყვას, რა თქმა უნდა, ძალა არ აქვს. მთავარია როგორ ცხოვრობს ადამიანი და არა როგორ ქადაგებს. სამწუხაროდ, არის ხოლმე ფაქტები, როცა მღვდელი ითვისებს უფლის შვილებს, იყენებს მას ინტერესების შესაბამისად. და მრევლი მიყავს თავისკენ და არა უფლისკენ, იუმჯობესებს თავის ფინანსურ მდგომარეობას და ა.შ. როცა შენ შენს სულიერ შვილებს უპირისპირებ პატრიარქს, ეპისკოპოსს ან სხვა მღვდელს, ეს მძიმე ცოდვაა. ასეთი სასულიერო პირი წარწყმდება. არ ეცადოთ თქვენი ინტერესების გამო გამოიყენოთ მრევლი. ღმრთისმსახურება ანუ ქრისტიანობა არის “ცხოვრება სხვისთვის”. მეუფემ აქვე დასძინა: ჩვენ ყველა ღვთის შვილები ვართ და ყველა წარვსდგებით უფლის წინაშე. როგორც სარკეში ხედავ შენს სხეულს და ილამაზებ საკუთარ თავს, ისევე, უპირველეს ყოვლისა, სული უნდა გავილამაზოთ – გავხდეთ უნდა უფრო მოწყალენი, თავმდაბალნი, შევინანოთ ცოდვანი ჩვუენნი და ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ასე დავემსგავსებით უფალს ღმერთს, იესო ქრისტეს.
მიტროპოლიტი იოსები ასევე შეეხო ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას და აღნიშნა: ეს სოფელი ებრძვის ეკლესიას. უფალი ბრძანებს და ეუბნება თავის მოციქულებს: “სოფელმან ესე უარმყო მე და თქვენც უარგყოფთ”, რადგან სოფლის უფროსი ეშმაკია, რომელიც ეკლესიაში წესრიგის დამყარებას არ მოინდომებს არასდროს. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთმანეთზე ცუდს არ უნდა ვსაუბრობდეთ.
აქვე მეუფემ განაცხადა: დაუშვებელია არჩევნებში ღაიდ უჭერდე მხარს რომელიმე ერთ პარტიას. ამის ქადაგება აკრძალულია, რადგანაც ყველა ქართველი ჩვენი სულიერი შვილია. სხვადასხვა იდეოლოგიის მხარდაჭერა ქრისტიანობა არ არის. ჩვენი პარტია მართლმადიდებლობაა. ყველა პარტიაში არიან კარგი ადამიანები და პირიქით. ჩვენ შეგვიძლია გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ პარტიაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც სიკეთეს სჩადიან და არა რომელიმე იდეოლოგიას.
მეუფემ მადლობა შესწირა ღმერთს, უწმინდესსა და უნეტარესს და წმინდა სინოდს და აღნიშნა, რომ შემოქმედის ეპარქიაში მოღვაწეობს 178 სასულიერო პირი, მორჩილების ჩათვლით 200-ზე მეტი. ეპარქიაში 30-ზე მეტი მონასტერია. გახსნილია ასევე 4 საშუალო სამრევლო სკოლა. მეუფე იოსებმა სთხოვა ყველა სასულიერო პირს, რომ ერთმანეთი მოვიხსენიოთ პირად ლოცვებში, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ. მან დალოცა, აკურთხა ყველა სასულიერო პირი და სრულიად საქართველო.
მეუფემ სიტყვა დაუთმო სასულიერო პირებს საჭიროებების მიხედვით.
მამა ანდრია კბილაშვილმა დალოცა იქ მყოფნი.
მამა მარკოზ გურგენიძემ აღნიშნა: დღეს მამა მიქაელ მეგენეიშვილის დაბადების დღეა, აცხონოს უფალმა. ის წინა კრებაზე გვესწრებოდა, ჩვენ გვერდით იყო.
მამა საბა მექვაბიშვილმა განაცხადა: ყველა ცოდვის თავი – ამპარტავნებაა,რომელიც იბადება უმადურობით. ამიტომ მოდით, მადლიერები ვიყოთ უფლის და ადამიანების. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ამინ!”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share