დღეს ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა დაფუძნდება. ინტელექტუალური კლუბის “რა სად როდის წევრები” და მედიის წარმომდგენლები 12 საათზე რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბებიან და მოძრაობას ოფიციალურად დააფუძნებენ.
მოძრაობის წევრები ნიკა გვარამიას გათავისუფლების მიზნით სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
მათი შეფასებით, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პატიმრობით საფრთხე ექმნება ქვეყნის ევროპულ მომავალს, რადგან 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი – მედიის თავისუფლება – ნიკა გვარამიას პატიმრობის პირობებში ვერ შესრულდება.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას სასჯელი არაჯეროვანი დასაბუთებით დამძიმდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა შეიცვალა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით. დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი პირველი ინსტანციის განაჩენის მსგავსად არ შეიცავდა დასაბუთებებს ძირითად და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო ყველა ჩვენი შენიშვნა და შეფასება კვლავ აქტუალურია.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ნიკა გვარამია პატიმრობაში დარჩა. ომბუდსმენის შეფასებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას სასჯელი არაჯეროვანი დასაბუთებით დამძიმდა.