გუშინწინ საქართველოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.
მას პატრიარქი ილია მეორე უძღვებოდა.
ცნობილია სიდონის სხდომის განჩინება.
„ 1.მისმა უწმინდესობამ აღნიშნა იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც სასულიერო პირთ და, მით უმეტეს, მღვდელმთავრებს აკისრიათ. ითქვა, რომ: ,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სულიერი წინსვლისათვის, მშვიდობისა და გამთლიანებისათვის“. შემდეგ სიტყვა გადასცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი). წმიდა სინოდის წევრების სახელით მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიულოცა აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღები და თქვა: – ,,გამოვხატავთ თქვენ წინაშე შვილებრივ სიყვარულს და მადლობას თქვენი მამამთავრული ღვაწლისა და შრომისათვის, რომელიც გასწიეთ ეკლესიის აღმშენებლობისა და ერის სულიერი აღორძინებისათვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ამ ურთულესი 45 წლის განმავლობაში თქვენი წინამძღოლობით და თქვენი სამოციქულო მსახურების შედეგად, ღვთის შეწევნით, ერის სულიერი მოქცევა მოხდა მეორედ. განსაკუთრებით გვინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ დღეს ყოველი ჩვენგანი მღვდელმთავრად თქვენი ხელდასხმულია, რაც უნიკალური შემთხვევაა როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიის ცხოვრებაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას და თქვენი წინამძღოლობით საქართველოს გამთლიანებას და ჩვენი ერის ერთსულოვნებას“.
2.შემდეგ მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ საჭიროა შეიქმნას ჯგუფები, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან მღვდელმთავრები და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, რათა შეისწავლონ საკითხები სინოდისათვის წარსადგენად.
3.სინოდის სხდომამ საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება და დაადგინა: – დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობა დროებით გადაიბაროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა; ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად.
4.სინოდის სხდომაზე განხილულ იქნა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი. მოხსენება გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე). მან სინოდის წევრებს გააცნო სერბეთის ეკლესიის მეთაურის, უწმინდესი პატრიარქის, პორფირეს (პერიჩი), ჩვენდამი მოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ,,განიკურნა სქიზმა და აღდგენილია ევქარისტიული კავშირი ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან”, და რომ აღნიშნულ ეკლესიას სერბეთის პატრიარქმა უბოძა ავტოკეფალიის ცნობის ტომოსი. მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია, სერბეთის ეკლესიის გარდა, ასევე აღიარეს რუსეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიებმა, ხოლო მასთან ავტოკეფალიის აღიარების გარეშე ევქარისტიულ კავშირში შევიდნენ შემდეგი ეკლესიები: კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ელადისა და პოლონეთის.
წმიდა სინოდმა დაადგინა: საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შევიდეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომლის მეთაურია უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე (ველიანოვსკი).
5.განხილულ იქნა რიგ სასულიერო მოღვაწეთა წმინდანად შერაცხვის შესახებ საკითხის შესწავლა და მომზადება შემდეგი სინოდის სხდომაზე წარსადგენად დაევალა წმინდანთა კანონიზაციის მოსამზადებელ კომისიას.
6 წმიდა სინოდზე ისაუბრეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებულ მძიმე მოვლენებზე, ასევე ომზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვა. აღინიშნა, რომ ომი საშინელება და დიდი ტრაგედიაა. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და მეომრები, ნადგურდება ეკლესია-მონასტრები, ინფრასტრუქტურა, სოფლები და ქალაქები. ადგილი აქვს სხვა ნეგატიურ მოვლენებსაც, რის გამოც გამოითქვა დიდი მწუხარება. ითქვა, რომ საქართველოს ეკლესია ლოცულობს დაძაბულობის განმუხტვისათვის; ლოცულობს, რათა მოვლენებმა კიდევ უფრო საშიში ხასიათი არ მიიღოს და, პირიქით, უფალმა უკრაინასა და მსოფლიოს მოანიჭოს მშვიდობა“ , – აღნიშნულია განჩინებაში.
ამასთანავე, ოფიციალური განჩინების მიხედვით, წმიდა სინოდმა გამოხატა მწუხარება თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს.