“ველოდები….რომ დაიწყება კამპანია:…. „ევროპარლამენტში ყველამ გააფრინა“-იაგო ხვიჩია

ველოდები, რომ ევროპელების დისკრედიტაცია წავა და დაიწყება კამპანია, რომ „ევროპარლამენტში ყველამ გააფრინა“ – სწორი იქნება, ჩვენ მოქალაქეებს ველაპარაკოთ და ვაჩვენოთ, რომ საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით შანსი იკარგება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ევროპარლამენტის რეზოლუციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას და ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” პარტნიორებთან დაკავშირებული განცხადებებით საკუთარი ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, რადგან ჰგონია, რომ შეუძლია მათ ყველაფერი დააჯეროს.

“ეს რეზოლუცია უნდა შესრულდეს ევროპელებთან ერთად და მის შესრულებასთან ერთად უნდა დავიწყოთ საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ეს იქნებოდა სწორი გამოსავალი, მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს. ველოდები, რომ ევროპელების დისკრედიტაცია წავა და დაიწყება იმის კამპანია, რომ „ევროპარლამენტში ყველამ გააფრინა“. სწორი დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან არის ის, რომ მოქალაქეებს ველაპარაკოთ და ვაჩვენოთ, რომ შანსი საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით და მათ მიერ არაფრის არაღიარების გამო იკარგება.

ფაქტობრივად, მთელმა ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას და ადრე თუ საუბრობდნენ, რომ „მარგინალური ჯგუფები“ მოქმედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ახლა ცხადად გვეუბნება ევროპარლამენტი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. მგონია, რომ ამას პირველ რიგში ქართველმა ხალხმა უნდა მიაქციოს ყურადღება და იფიქროს იმაზე, თუ რა მავნე შედეგები მოაქვს ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას. „ქართული ოცნების“ რეაქცია ნიშნავს გაჯიუტებას და იმის არაღიარებას, რაც ხდება, მეგობრების გაღიზიანების სურვილს. როცა 577 კაცი გეუბნება, ასე მოიქეციო და შენ ახლოს არ ხარ საპასუხო არგუმენტაციით, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა. ამომრჩევლებს მიიჩნევენ ადამიანებად, რომლებსაც ყველაფერი შეიძლება დააჯერო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share