ჟურნალისტი, ისტორიკოსი, „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის დირექტორი, ანდრეი შარი „რადიო თავოსუფლების“ ქართულ რედაქციას „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოელი აგენტების“ კანონსა და მსგავსი ტიპის საკითხის რუსულ გამოციდლებაზე ესაუბრა.
შარის თქმით, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა რუსეთშიც ასე დაიწყო.
„ხალხის ძალის“ ლიდერები ამბობენ, რომ„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი „ამერიკული კანონმდებლობის ანალოგიურია“. სინამდვილეში ეს კანონპროექტი ჰგავს „უცხოელ აგენტებზე“ რუსულ კანონს, გამოცდილ იარაღს პუტინის რეჟიმის ხელში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა წინააღმდეგ“ , – აღნიშნა ანდრეი შარმა.
რაც შეეხება რუსულ გამოცდილებას, ამასთან დაკავშირებით შარმა შემდეგი თქვა:
„რუსეთის კანონმდებლობაში 2012 წელს მიღებულმა ცვლილებებმა „უცხოური აგენტის“ იარლიყის გამოყენებით თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციები ამოიღო სამიზნეში. 10 წლის განმავლობაში კანონი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მედიების გარდა, ცალკეულ პირებსაც კი შეეხო და, საბოლოოდ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ტოტალური ცენზურის იარაღად ჩამოყალიბდა“ .
როგორ მიიღეს კანონი რუსეთში
2011 წლის დეკემბერში მოსკოვში მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ დუმის არჩევნების შედეგები გაყალბდა და „ედინაია რასიამ“ ასე მოიპოვა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა.
შეერთებული შტატების მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა რუსეთის ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებისა და დაშინების შესახებ ყველა ბრალდების გამოძიებისკენ მოუწოდა.
ვლადიმერ პუტინმა, – რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, – ჰილარი კლინტონი რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა „მიიღეს სიგნალი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით აქტიური მუშაობა დაიწყეს“.
ხუთიოდე თვეში, მაისის დასაწყისში, ვლადიმერ პუტინის მესამედ ინაუგურაციის წინა პერიოდში, დემონსტრაციების მორიგი ტალღა დაიწყო. აქციებზე ბევრი ადამიანი დააკავეს. ამაზე პასუხად დუმამ ივნისში შეზღუდვები მიიღო და „არალიცენზირებულ დემონსტრაციებში“ მონაწილეობისათვის ჯარიმები დააწესა.
ივლისში კი დაამტკიცეს საკანონმდებლო ცვლილებები „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომელიც ავალდებულებდა ყველა ორგანიზაციას, რომელიც „იღებს ან აპირებს მიიღოს დაფინანსება უცხოეთიდან“ და ჩართულია „პოლიტიკურ აქტივობებში“, იუსტიციის სამინისტროში გაევლო რეგისტრაცია, როგორც „უცხოეთის აგენტს“.
Human Rights Watch-ის თანახმად, კანონის პირველადი ვერსია არ ეხებოდა საქველმოქმედო, მეცნიერების, კულტურის თუ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს – მისი სამიზნე უშუალოდ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფები იყო. დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შეიცვალა.
ცვლილებების ტალღები
2012 წლის შემდეგ კანონის მოქმედების არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა: თანდათანობითი ცვლილებების შემდეგ იგი გავრცელდა მედიაორგანიზაციებზეც, შემდეგ კი ცალკეულ ჟურნალისტებს, იუტუბ-ბლოგერებს და ფიზიკურ პირებსაც კი შეეხო.
თუმცა კანონის პირველი ვერსიის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში ორგანიზაციები იბრძოდნენ ამ სახელდების წინააღმდეგ. ომბუდსმენის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარუმატებლად გასაჩივრების შემდეგ, 2014 წლის მაისში, კანონში პირველი ცვლილება შევიდა, რამაც გააუარესა მდგომარეობა.
ცვლილების შედეგად რუსეთის სახელმწიფოს გაუჩნდა ბერკეტი, უფლებადამცველი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები საკუთარი ინიციატივით, მათი თანხმობის გარეშე დაერეგისტრირებინა „უცხოელ აგენტებად“, – რადგან მანამდე ამის სურვილი არც ისე ბევრმა ორგანიზაციამ გამოთქვა.
კიდევ ორი წლის თავზე, 2016 წლის მაისში, პარლამენტმა მიიღო ცვლილებების მორიგი პაკეტი, რომლითაც „პოლიტიკური აქტივობის“ განმარტება გაფართოვდა და მოიცვა „საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მცდელობა“. ამ ცვლილებებმა კანონს დაუქვემდებარა ყველა დამოუკიდებელი ჯგუფი, მანდატის განურჩევლად.
შეზღუდვები მკაცრდება
„ჩვენ ეს ჩვენს ტყავზე 2017 წელს გამოვცადეთ, როდესაც კორპორაციის ყველა რუსულენოვანი პროექტი უცხოელ აგენტად გამოაცხადეს და სიაში შეგვიყვანეს“, – იხსენებს ჟურნალისტი ანდრეი შარი, „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის დირექტორი 2016 წლიდან.
„თავდაპირველად ჩვენ, იურისტების რჩევის შემდეგ, დავემორჩილეთ კანონს, რადგან დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი არ ყოფილა: ერთი ვალდებულება გვქონდა, – სპეციალური წარწერა, „დისქლეიმერი“ დაგვერთო ვებსაიტზე, სქოლიოში. „გადაიცემა გავლენის აგენტის მიერ“. თანაც, ჩვენ ამ „დისქლეიმერთან“ ერთად, მეორეც დავურთეთ, სადაც ვწერდით, რომ ვეწინააღმდეგებით კანონის ამ მოთხოვნას, ჩვენ არა ვართ აგენტები, გვაქვს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. ამავდროულად, კვარტალურად გვიწევდა ფინანსური ინფორმაციის გაზიარება იუსტიციის სამინისტროსთან, რომელიც პასუხისმგებელია უცხოელი აგენტების სიის წარმოებაზე“, – გვიამბობს იგი.
შეზღუდვები შეეხო „რადიო თავისუფლების“ ათივე რუსულენოვან პროექტს, მათ შორის „Current Time“-ს, „კავკაზ რეალიის“, ყირიმის გამოცემას და სხვებს.
2020 წლიდან კანონი კვლავ გამკაცრდა. თუკი მანამდე „დისქლეიმერი“ მხოლოდ საიტის სქოლიოში უნდა დაერთოთ, კომუნიკაციების ფედერალურმა მარეგულირებელმა, „როსკომნადზორმა“ მოინდომა, ეს წარწერა ყოველი გამოქვეყნებული სტატიის, ვიდეოს თუ ნებისმიერი მასალის დასაწყისში ყოფილიყო გამოტანილი.
ანდრეი შარი ამას „პოლიტიკური ცენზურის ცხად მაგალითს“ უწოდებს და დასძენს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს პრაქტიკული თვალსაზრისითაც ნიშნავდა მედიასაშუალებების ფუნქციონირების სერიოზულ დაბრკოლებას: „სხვა თუ არაფერი, არავინ გაჩერდება ვიდეოს საყურებლად, როცა 15 წამი შავ ეკრანზე უნდა უყუროს წარწერას, რომ აგენტი ხარ“.
„2020 წლიდანვე „როსკომნადზორმა“ უცხოელი აგენტების სიაში ინდივიდების შეყვანა დაიწყო – იგი ფიზიკურ პირებზეც გავრცელდა. ესე იგი, ადამიანს თუ აქვს დაფინანსება უცხოეთიდან და თუ აქვს რაიმე სახის პოლიტიკური/საჯარო აქტივობა, – და ეს ძალიან ბუნდოვანი განმარტებაა და ყველა შეიძლება მოხვდეს, – აგენტად რეგისტრირდება“, – გვეუბნება ანდრეი შარი, რომელიც ჩეხეთში, რადიო თავისუფლების პრაღის ოფისში მუშაობს.
17 მლნ დოლარი ჯარიმებად
„რადიო თავისუფლება“ რუსეთში ახალ, კიდევ უფრო არადემოკრატიულ რეგულაციებს არ დაემორჩილა.
კორპორაციის დაჯარიმება „როსკომნადზორმა“ 2021 წლიდან დაიწყო და, როგორც ანდრეი შარი იხსენებს, ამ პერიოდიდან ზუსტად 1056-ჯერ დაგვაჯარიმეს.
ჯარიმების სრულმა მოცულობამ 17 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ჯარიმების დაახლოებით ნახევარი უშუალოდ კომპანიაზე მოდიოდა, ნახევარი კი – მოსკოვის ბიუროს დირექტორზე.
„ისიც ვთქვათ, რომ შეიძლება, საერთოდ არ იყოთ ჟურნალისტი ან საჯარო პირი, ისე შეგეხოთ კანონი. სოციალურ ქსელებში რაიმეს დაწერაც საკმარისია იმისთვის, რომ აგენტად გამოგაცხადონ და უკვე ბევრი ასეთი მაგალითია.
ეს კანონი შეეხო მუსიკოსებსაც, – მაგალითად, ანდრეი მაკარევიჩი, როკ-ჯგუფ „დროის მანქანის“ (Машина времени-ს) დამფუძნებელი „უცხოელი აგენტია“. ზემფირაც“, – ამბობს ანდრეი შარი.
რას უნდა ველოდოთ საქართველოში?
დამოუკიდებელ საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები აქამდე არცერთ ხელისუფლებას არ მიუღია. ეს კანონპროექტიც, ფორმალურად, არ ეკუთვნის მმართველ გუნდს, თუმცა „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი „ხალხის ძალა“ და მმართველი პარტიის წარმომადგენლები მუდმივად უსვამენ ხაზს საერთო ნიადაგსა და მიდგომებს. მმართველი გუნდს ჯერჯერობით არ დაუწუნებია კანონპროექტი.
პროექტი ჯერჯერობით არც სპეციალური წარწერის – „დისქლეიმერის“ გაკეთებას ავალდებულებს ორგანიზაციებს/მედიასაშუალებებს. თუმცა, როგორც ანდრეი შარი იხსენებს, თავდაპირველად არც რუსეთში ელოდნენ, რომ ვითარება ასე დაიძაბებოდა:
„ვერ ვიტყვი, რომ თავიდან რუსეთში არავინ აქცევდა ამ კანონს ყურადღებას, – თავიდანვე ავტეხეთ განგაში, – მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, იმასაც არავინ ელოდა, რომ ასე ფართოდ გამოიყენებდა პუტინის მთავრობა და აქამდე მივიდოდა საქმე“.
„არაერთი ხუმრობა იყო ჩვენთანაც, „ამაყი ვარ, ვიყო დასავლეთის აგენტი“ და ა.შ.. კი ბატონო, ეგ ხუმრობები გასაგებია. მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ყოველდღიურად გიწევს არათუ ორგანიზაციას, არამედ ფიზიკურ პირს ამ სულელური „დისქლეიმერის“ განთავსება, ფეისბუკზე ყოველ კომენტარში და პოსტში ამ წარწერის დართვა, და ფინანსური მონაცემების კვარტალურად წარდგენა, არ არის მაინცდამაინც სახუმარო ამბავი. მით უმეტეს მაშინ, როცა გააანალიზებ, რომ ეს კანონი უფრო ფართო რეპრესიული სისტემის ნაწილია, – ომს ომს ვერ დაუძახებ, ხელისუფლებისგან განსხვავებულს ვერაფერს დაწერ და ა.შ.“, – გვეუბნება რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორი.
„აგენტი“ თუ „ჯაშუში“ – რა მნიშვნელობა აქვს?
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 15 თებერვალს, ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერში თქვა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ არ შეკრებილა ამ კანონპროექტზე მსჯელობისათვის და გუნდის პოზიცია ცნობილი არაა. თუმცა იქვე დასძინა რომ, კანონპროექტი „გამჭვირვალობას ეხება“ და “თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ გარკვეულ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. გამჭვირვალობაში მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით”.
ირაკლი კობახიძემ კანონპროექტში გამოყენებულ ტერმინზე, „უცხოური გავლენის აგენტზე” დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ „ტერმინი აგენტი, საქართველოს კანონმდებლობაც და არამარტო კანონმდებლობა, ზოგადად, ყველამ იცის რომ არ აღნიშნავს ჯაშუშს“.
„ჯაშუშობა არის სხვა რამე და ვიღაცის და რაღაცის აგენტი რომ ხარ, ეს არის სხვა რამე… ანუ, ეს მიღებული ტერმინია რეალურად, ნიშნავს ინტერესების გამტარს“, – თქვა მან.
ასეთი განსხვავებები ინგლისურ და რუსულ ენაშიც არსებობს: spy და шпион ნიშნავს ჯაშუშს, ხოლო агент და agent – აგენტს. თუმცა ქართულ და რუსულ ენებში ამ სიტყვას რადიკალურად უარყოფითი დატვირთვა აქვს:
„რუსულ ენაში, – და, ეჭვი მაქვს, ქართულშიც, რადგან საერთო საბჭოთა წარსული გვაქვს, – ამ ტერმინს, „უცხოეთის აგენტს“, ძალიან ძლიერი უარყოფითი კონოტაცია აქვს. იგი საბჭოთა ლექსიკონიდანაა და, ფაქტობრივად, „სახელმწიფოს მტერს“, „ხალხის მტერს“ ნიშნავს. ფსიქოლოგიურად ბევრი ადამიანი ასე შეხედავს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, ვისაც ეს ტერმინი მიემართებათ“, – ამბობს ანდრეი შარი, რომელიც გარდა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერისა, ისტორიკოსია.
ანდრეი შარისთან ინტერვიუს დროს კიდევ ერთ დეტალს ვამჩნევთ, რაც რუსულ კანონსა და ქართულ კანონპროექტს აქვთ საერთო:
„რუსეთის ხელისუფლება 2012 წლიდან გამუდმებით ამტკიცებდა, რომ ამერიკული მაგალითი იყო მათი ინსპირაცია საკანონმდებლო ინიციატივებისათვის. სულ აცხადებდნენ, რომ რუსეთი იმას აკეთებს, რასაც აშშ უკეთებს არასამთავრობოებსა და მედიაორგანიზაციებს. რაც მივიღეთ, ამას ამერიკულ მაგალითთან არაფერი აქვს საერთო“.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებით, რუსეთის კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ არღვევს როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე ორგანიზაციების უფლებებს. სასამართლომ ხაზი გაუსვა „უცხოეთის აგენტის“ იარლიყის ზიანს და თქვა, რომ იგი „გაუმართლებელი და ზიანის მომტანია“.
წყარო: „რადიო თავისუფლება“