“სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ხდება ასეც. მე იმედიდან რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით.
მე ვერ ვისაუბრებ სხვებზე, თუმცა, იმედში არიან ადამიანები, ჩემი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც მთელი ეს წლებია, ჩემს გვერდით ისხდნენ. მათ დიდ პატივს ვცემ, ვიცი მათი განწყობების შესახებ. მათ საკუთარი ბრძოლის მექანიზმები აქვთ და თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე იტყვიან სათქმელს”, – განაცხადა მან.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.
განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა, ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.
აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.
პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, პროპორციული ძალა გამოიყენეს.