დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში ვიზის გარეშე, არალეგალურად წავიდა

ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის სიძე, მირიან ოქროპირიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე, არალეგალურად წავიდა. ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს, რომელთან ინტერვიუშიც ფაქტი ოქროპირიძის დედამ და ცოლმა დაუდასტურა.

“ადრე კი აპირებდა, მაგრამ ახლა ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ არ გვინდოდა, რომ წასულიყო, თავად გადაწყვიტა, უნდოდა, რომ წასულიყო. [ვიზა] არ ჰქონდა, ისე წავიდა”. – თქვა ოქროპირიძის დედამ.

დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თიკა ხუნდაძეც ადასტურებს, რომ მის ქმარს აშშ-ს ვიზა არ ჰქონია და მისი წასვლით ოჯახი, მათ შორის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეც უკმაყოფილოა.

“[ვიზა] არ ჰქონია, ზუსტად არ ვიცი რით წავიდა. ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა არის ჩვენი პირადი ცხოვრება. ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. მეც, ჩემი ოჯახიც, მამაჩემიც [დიმიტრი ხუნდაძე] ამით არის ძალიან უკმაყოფილო. მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმის, რომ დაეტოვებინა საკმაოდ სოლიდური თანამდებობა და წასულიყო ამერიკაში”. – თქვა თიკა ხუნდაძემ.

დეპუტატის შვილი ასევე ამტკიცებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორს, დიმიტრი ხუნდაძეს აშშ-სა და ევროკავშირის წინააღმდეგი არაფერი აქვს.

“თქვენ ვერცერთ ინფორმაციას ვერ მომაწვდით იმის შესახებ, რომ მამაჩემი არის ან ამერიკის, ან ევროკავშირის წინააღმდეგი”. – უთხრა ჟურნალისტს თიკა ხუნდაძემ.

მირიან ოქროპირიძე აქამდე ქვემო ქართის სატყეო სამსახურის ყოფილი უფროსის თანამდებობას იკავებდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share