ვემიჯნები პატიმარი პაციენტის დისკრიმინაციას-სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას ემიჯნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილიც.

“სრულად ვიზიარებ და ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განუზომელი როლის შეფასებაში დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისაკენ სწრაფვაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად უკომენტაროდ გთავაზობთ გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს წესს:

  • ციხის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმრების ჯანმრთელობა;
  • პატიმრებთან მიმართებაში ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა იყოს ინტეგრირებული და ეთავსებოდეს ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკას;
  • პატიმრებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის სამსახურებზე მათი სამართლებრივი მდგომარეობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე;
  • დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით.

ვემიჯნები და დაუშვებელად მიმაჩნია პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნებისმიერი გამოვლინება”, — წერს თეა სოხაშვილი-ნოკოლაიშვილი.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას 20-მდე მეტი მოსამართლე გაემიჯნა. ისინი პოზიციას ძირითადად “ფეისბუკზე” პოსტებისა და კომენტარების სახით აფიქსირებენ.

საუბარია 4 ნოემბრის განცხადებაზე, რომელშიც “გადაჭარბებულად” არის შეფასებული ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო. კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა საელჩოებს „ვენის კონვენციის პატივისცემისკენ“ მიუთითა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share