კურორტ გომისმთის მიმართულებით ასფალტის დაგება მინიმუმ 4 წლით გადაიდო

კურორტ გომისმთის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობა მეორე წელია მიმდინარეობს, თუმცა, გასულ კვირაში მომხდარი ზვავებისა და ქვათაცვენის გამო გზის დასრულება მონიშნულ ვადებში შეუძლებელი გახდა.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” მშენებარე კომპანიიდან აცნობეს.

მათი წარმომადგენლის თქმით, გასულ კვირაში კურორტზე მიმავალი საავტომობილო გზის მნიშვნელოვან მონაკვეთზე ქვათაცვენა და ზვავები დაფიქსირდა, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულება:

“მომხდარის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის დაგება მინიმუმ 4 წელი შეუძლებელი იქნება, სტიქიამ მწყობრიდან მნიშვნელოვანი მონაკვეთი გამოიყვანა და ახალი – გაუთვალისწინებელი პრობლემები წარმოშვა” -უთხრეს “გურიის მოამბეს”

კურორტ გომისმთაზე, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის გამო, ამ ზაფხულს, ასვლა მხოლოდ შაბათ-კვირას და ისიც კონკრეტულ საათებში იყო შესაძლებელი. , რის გამოც გადაადგილება შეზღუდულია 2021 წლის 15 ივნისიდან.

ოზურგეთიდან გომისმთის მიმართულებით შაბათს, დღის 4 საათიდან შეიძლებოდა წასვლა ღამის 11 საათამდე, ხოლო კვირას გადაადგილება დასაშვები იყო დილის 5 საათიდან ღამის 11 საათამდე. კვირის სხვა დღეებში მოქალაქეთა გადაადგილება აიკრძალა.

გომისმთაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია  New Road-ი ახორციელებს.

რედაქცია ამ ინფორმაციის გადამოწმებას მშენებარე კომპანიის ადმინისტრაციაში ცდილობდა თუმცა New Road-ში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share