რუსეთმა ზეთისა და ხორბლის ექსპორტი შესაძლოა, დროებით შეაჩეროს

ამ შეხვედრის ორი მონაწილის თქმით, აღნიშნულ თათბირზე გამოითქვა შეშფოთება, რომ ბოლო კვირანახევრის განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე მზესუმზირის ზეთის ღირებულება ტონაზე 1100 დოლარიდან 800 დოლარამდე, მზესუმზირის კი ტონაზე 600-დან 395 დოლარამდე შემცირდა. ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე ინფორმაციას მცენარეული ზეთის ერთ-ერთი ექსპორტიორიც ადასტურებს. მისი თქმით, დაგეგმილ შეხვედრაზე უწყება საექსპორტო მიწოდების შეზღუდვის განხილვას გეგმავს. თუმცა ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ზეთის მწარმოებლებთან ცალკე შეხვედრა არ იგეგმება და „პროდუქციის რეალიზაციის საკითხები მხოლოდ ბიზნესის კომპეტენციაში შედის.“

ანალიტიკური ცენტრი, „სოვეკონი“ მარტის დასაწყისში წერდა, რომ ტონა რუსული ხორბლის ფასი 2021 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად 300 დოლარზე ქვემოთ დაეცა. ერთ-ერთი ექსპორტიორის მონაცემებით, მიმდინარე კვირას ტონა მარცვლეული 280-275 დოლარად იყიდებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოქსანა ლუტის მონაწილეობით გამართულ თათბირზე ითქვა, რომ ახალი მოსავლის წინ მყიდველები ექსპორტიორებს მაის-ივნისის კონტრაქტების გაფორმებას ტონაზე 250 დოლარად სთავაზობენ.

22 მარტს სახელმწიფო სათათბიროს აგრარულ კომიეტეტში გამართულ სხდომაზე ითქვა, რომ რუსეთში ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ტონა მზესუმზირის მარცვალი 30 000-დან 20 000 რუბლამდე (394-დან 262 დოლარამდე) გაიაფდა, რაც ამ ბიზნესს არარენტაბელურს ხდის და შესაძლოა, სათესი ფართობების შემცირება გამოიწვიოს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ოქსანა ლუტმა განაცხადა, რომ მზესუმზირისა და ხორბლის საექსპორტო გადასახადის გაუქმებას სამინისტრო არ დათანხმდება და უწყების რეკომენდაციაა, ასეთი პროდუქცია დაბალ ფასად არ გაიყიდოს, ხოლო ექსპორტიორები ფასის მატებას დაელოდონ.

მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების ერთ-ერთი მწარმოებლის წყარო ამბობს, რომ დღეისთვის ხორბლის ფასი რენტაბელურობის ზღვარზეა. მისი შეფასებით, მზესუმზირისა და ხორბლის შიდა ბაზარი, რაც მოსავლის არაუმეტეს 30%-ია, არის გადაჭარბებული, ამიტომ ექსპორტზე უარის თქმამ შესაძლოა, „კოლაფსის მსგავსი ვითარება შექმნას.“

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share