ნაციონალური მოძრაობა გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გმობს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ქართულ ოცნებას “არანაირი მენტალური და მორალური რესურსი აღარ დარჩა”, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე მოუსმინოს განსხვავებულ აზრს.
“რუსული ოცნება დგას მხოლოდ ღია ძალადობაზე, რომელსაც ლეგიტიმაცია სრულად აქვს დაკარგული. 7-10 მარტის მოვლენებმა კარგად აჩვენა ვის აქვს რეალური ძალა ამ ქვეყანაში. ძალა სიმართლეშია, ძალა ევროპაშია, ძალა ქართველ ხალხშია. გამოვიდეთ 9 აპრილს, პარლამენტის წინ, 15:00 საათზე!”, – აღნიშნავენ პარტიაში.
პარლამენტში პრემიერმინისტრის ინტერპელაციის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და “ნაძირალა” უწოდა. მანამდე გუბაზ სანიკიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას მიხეილ სააკაშვილის ეშინია.
სასესიო დარბაზის დატოვების შემდეგ სანიკიძეს ფიზიკურად ქართული ოცნების დეპუტატები დაუპირისპირდნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური.