ზურა შევარდნაძეს ტელეეკრანებიდან ბევრი იცნობს. მცენარეების მოყვარულები, ალბათ, მის ულამაზეს “გარდენიაშიც” არაერთხელ ყოფილან. „განაკუთრებით მახარებს ის ამბავი, რომ ბევრი გონიერი, ანთებული, წესიერი, განათლებული ახალგაზრდა მოდის და ინტერესით არჩევს თესლებს და ჩითილებს… მებაღე და მებაღეობა რომ დაფასდება, ის დრო დგება“ – წერდა გასულ წელს ზურა.
საქართველოს ყველაზე ცნობილი მებაღე სოციალურ ქსელშიც ხშირად აქტიურობს და გულშემატკივრებს გურული იუმორითა და სისხარტით არაერთ სახალისო ამბავს უყვება. ცოტა ხნის წინ ზურამ „ინსტაგრამზე“ წლების წინ ბებიის მიერ სოფელ ასკანიდან გამოგზავნილი წერილი გააზიარა:
„მეტისმეტად ცხელოდა დღეს, შუადღემდე გარეთ ვიმუშავე, მერე შინ გამოვიძებნე საქმე. კარადა გადმოვყარე, ბევრი საჭირო და უფრო მეტი არასაჭირო რამ ვიპოვნე. სტუდენტობისას ასკანიდან ბებიას გამოგზავნილ წერილებს შორის ერთ-ერთი ისეთიც ვნახე, რომელიც აღარ მახსოვდა..
ზურიკო ბებია, იცოდე ჩემგან, რომე აფერი არ იკარქება ქვეყანაზე, სიკეთით იცხოვრე, გულზე ხინჯი არ გექნება და სულზე ლოდი. სხვისი სიკეთის დანახვაც იცოდე ნენა, არიკაცი არაა ვალდებული რამე გაგიკეთოს, ყველას ათმაგათ და ასმაგათ გადუუხადე. იგია მთავარი ვინაა ნამდვილი მოკეთე და ვინ არტისტობს გაანსხვაო. იცოდე ჩემგან, ვინც რუმ გარეშემო გიხტუნავს, გიცქმუტავს და გამსებს საქებარი სიტყვებით კვანტს პირველი იგი დაგიდობს. ყოლთვის პატივი ეცი პირში მთქმელს, გეწყინება გული გეინგრილე და შიეცადე მისი ნათქუამი გეიმთვალისწინო.
ნურცაროის , ნურიკაცზე ნუ დაგწყდება გულს, თუ სამე, როისმე ფეხი წაგისთეს და ბითურ გამოხვიდე არიკაცს არ დააბრალო მაი შენი თავის გარდა. სხვისი ყოლთვინ მადლიერი და მადლობელი იყაი ნენა. ცხვირი, რომ წეიტეხო გული არ გეისტკლიცო ნევრულობით, სანემ საქმე წახთებოდეს მანამდი უნდა ფიქრი თვარა, ხრამში რუმ ჩავარდები მერე მარტუა იმაზე უნდა იფიქრო იქიდან იოლათ და იორღათ რაფერ ამოხვიდე. შენკენ მომართული ბოროტი საქმე, ყორიფელობამდე ეცადე ეისთინო, მეირიდო და უპასუხოთ დატიო. ცხრა ტყავში ამოძვერი და ეცადე ნენა ტერი არ გეიჩინო. იმასაც შეეცადე რაცხაფერა, თავი ვირათ არ გადიქციო, თვარა ყოვლიკაცი შიესთება მისი სათრევი საპალნე შენ გადაგკიდოს. გკოცნის შენი დაჯღარკული ბებიაშენი. 1998 წლის ივლისი. ასკანა, იწობა ხეი და მიწა” – წერს ზურა შევარდნაძე „ინსტაგრამზე“.
პოსტს გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „დილით რომ გაიღვიძებ და ასეთ საინტერესო რჩევა-დარიგებას წაიკითხავ…“, „კითხულობ და თან თითქოს ჩაგესმის გურული ტკბილი ბებოს ხმა, როგორ არიგებს და ესიყვარულება შვილიშვილს“, „თქვენი ბრძენი ბებოს წერილი – დარიგება ყოველი ჩვენგანისთვის გასათვალისწინებელია” – წერენ კომენტარებში.