გურიაში როდის მიაქციეს ბახმაროს ყურადღება, როგორც სააგარაკო ადგილსა? სულ არ იქნება 7-8 წელიწადი. ისიც − სრულებით შემთხვევით. აქ ზაფხულობით ამომავალ მეგრელ მწყემსებს სოფ. გურიანთას მცხოვრებ ძმათა ქარცივაძეთაგან ერთს ზაფხულს ერთ-ერთი ძმა ამოჰყვა „საჰაეროდ -, გურიანთის ციებისაგან განსაკურნებლად. მთის ჰაერმა, საუცხოო წყალმა თავისი ზეგავლენა იქონია „მოჰაერეზე – და ციებისაგან შვება-მოცემული ჩამოვიდა ბარად. მეორე ზაფხულს ძმა ამოიყვანა, ისიც მოკეთებული დაბრუნდა. მერე სხვებს ურჩიეს. ამ სახით, პიონერებად ქარცივაძენი ითვლებიან.
პირველი სახლი (ხისა) აქ ნიკიფორე ქარცივაძემ წარმოსდგა. ამას სხვებმაც მიჰბაძეს. სატყეო უწყების აგენტს სამოსახლო ადგილები სთხოვეს. იმანაც თითოეულს მთხოვნელს 200 ოთხკუთხი მხარი მიწა მიუზომა ორ მანეთად წელიწადში.
მერე ექიმიც ამოვიდა ბახმაროზე, შეამოწმა ამ აგარაკის კარგი, ციების საწინააღმდეგო, თვისება და თავის პაციენტებს ყველას ურჩია ამოსვლა.
ამან უფრო წააქეზა ხალხი და მიაშურეს. ამ სახით, იქ, სადაც ამ 7-8
წლის წინათ ორად-ორი სახლი იყო, დღეს სამოცზე მეტი სააგარაკო სადგომია წარმოდგმული. მათ შორის 9 დუქანიცაა.
თვით ბახმაროს საუკეთესო ადგილას, იქ, სადაც დღეს თ. ივ. მაჭუტაძეს სახლი აქვს და მასთან ერთად ორ-სამ სხვას, 1890 წელს მწყემსს, ვინმე ღვინჯილიას საქონელი ეყენა და მწყემსური ქოხი ედგა. სამოსახლო მიწების შოვნა თანდათან ჭირდება. ზოგი ორ ნაჭერს იღებს, რაკი იაფია, − ხალვათად ვიცხოვროთო.
–
თედო სახოკია – მოგზაურობანი: გურია 1897
–
1905 წლის ფოტო – ბახმარო ქვედა ბაზარი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.