“რობერტ სტურუას თხოვნით, კახა კალაძემ მსახიობი ბესო ზანგური სასაფლაოების ამზომველად გააფორმა“, – ამ სათაურით სტატიები და ფოტოები ორი დღეა რაც მედიაში ქვეყნდება.
მსახიობი ბესო ზანგური კი ამბობს, რომ იმ სამსახურების პოვნაში, სადაც ოდესმე დამატებით უმუშავია, არასოდეს ჩარეულა რობერტ სტურუა, პირიქით, მას (სტურუას) არ უყვარს, როცა მსახიობები დამატებით სხვაგანაც მუშაობენ. Ambebi.ge-სთან საუბრისას ზანგურმა აღნიშნა, რომ “მასზე ბულინგი შვილებსა და ოჯახზე ძალიან მოქმედებს:
“რობერტ სტურუა და კახა კალაძე არაფერ შუაში არ არიან. ვინაიდან მრავალშვილიანი მამა ვარ, ჩემთვის თავისუფალ დროს სადაც ვნახულობ ვაკანსიას, ყველგან ვცდილობ, მივიდე და დროებით ვიმუშავო. 2012 წელს ასე “დელტაშიც“ ვმუშაობდი, შემდეგ ანსამბლიც ჩამოვაყალიბეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე. ძალიან ბევრ ადგილას მიმუშავია და საერთოდ, შრომა არ მეთაკილება. რით არ მობეზრდათ ჩემი ბულინგი?! ამ ყველაფერს ბავშვები ხედავენ და ერთადერთი, რაც ჩემზე მოქმედებს, ეს არის.
სასაფლაოების ამზომველის პოზიციაზეც ვმუშაობდი. ვაკანსია ვნახე და დავრეკე, მითხრეს, რომ გასაუბრებაზე მივსულიყავი. გასაუბრების შემდეგ დამიკავშირდნენ და დავიწყე მუშაობა, საკმაოდ დაბალ ხელფასზე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ვმუშაობდი, როცა გამომიძახებდნენ ხოლმე. ვაკეთებდი იმას, რაც მევალებოდა. როგორც გითხარით, თავდაცვის სამინისტროშიც ვმუშაობდი, “ნაციონალური მოძრაობის“ წასვლის შემდეგ ყველაფერი დაშლილი იყო და ამ ყველაფერს დაწყობა და დალაგება უნდოდა. მაშინ რამდენიმე ტანკი გარაჟებშიც კი იპოვნეს.
როდესაც რუსთაველის თეატრში დაკავებული ვარ როლებზე, მაშინ არსად არ ვმუშაობ. ორი წელია პანდემიაა და რატომ უნდა ვმჯდარიყავი სახლში და ფული სხვისთვის გამომერთმია?!” – აცხადებს ზანგური.
წყარო: ambebi.ge