“ვარდების რევოლუციიდან” 18 წელი გავიდა. ამ დღეს ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წითელი ვარდით შეიჭრა და ტრიბუნასთან მყოფ პრეზიდენტ შევარდნაძეს გადადგომა მოსთხოვა. მერე კი ტრიბუნასთან თავად მიიჭრა და შევარდნაძის ჩაიც დალია. იმ დღის შემდეგ წითელი ვარდი და ჩაის ჭიქა რევოლუციის სიმბოლოდ იქცა.
მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეჭრა პარლამენტში
გაიცანით ადამიანი, რომელმაც შევარდნაძის ჩაის ჭიქა ქორწილში საჩუქარად მიიღო და მას მერე ამ ნივთს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
“შევარდნაძის ცნობილი ჭიქა, რომლიდანაც მიშამ 2003 წელს პარლამენტში ჩაი დალია, 23 ნოემბრიდან ჩემთან ინახება”, – ამბობს ინტერნეტმედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე.
გიორგის ზუსტად იმ დღეს, 2003 წლის 23 ნოემბერს ქორწილი ჰქონდა და მეგობარმა, რომელიც მაშინ პარლამენტში იმყოფებოდა, ამის აღსანიშნად, ქორწილში რევოლუციის მთავარი სიმბოლო – ჭიქა აჩუქა.
“საერთოდ, სიმბოლოებს დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. “ვარდების რევოლუციის” შესახებ მსოფლიომ სწორედ მაშინ შეიტყო, როცა შევარდნაძე პარლამენტიდან გაიქცა, ტრიბუნასთან კი ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი მივიდა და მისი ჭიქიდან ჩაი დალია”, – ამბობს გიორგი და რევოლუციის სიმბოლოებზე საუბარს განაგრძობს:
“როგორც ვიცი, ყოფილ დეპუტატთან, კობა ამირხანაშვილთან ის წითელი ვარდი ინახება, რომლითაც სააკაშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა… მე კი, როგორც უკვე გითხარით, მაქვს ჭიქა. რევოლუციის შემდეგ, მალევე იყო შემოთავაზება, შევარდნაძის ჭიქა ერთი ცნობილი ადამიანისთვის დამეთმო, მაგრამ, ვერ გავიმეტე… სხვათა შორის, კრწანისის რეზიდენციაში მივედი და შევარდნაძეს ვუთხარი იმის შესახებ, რომ მისი ჭიქა მე მქონდა. გაიცინა და მითხრა, – შესაძლოა, ერთ დღეს ის ძალიან ძვირად გაყიდოო”, – დასძენს გიორგი კაპანაძე.
allnews.ge