მიხეილ ჯავახიშვილი – დახვრიტეს 1937 წლის 30 სექტემბერს.
1937 წლის 26 ივლისს, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“.
ტიციან ტაბიძე – დახვრიტეს 1937 წლის 15 დეკემბერს.
ბრალდების მიხედვით ტიციანი მონაწილეობდა ფაშისტურ ორგანიზაციაში და ეწეოდა მავნებლურ მუშაობას ლიტერატურის ფრონტზე. რომ ჰქონდა რეგულარული კავშირი ტროცკისტულ ორგანიზაციებთან, რომ ჯაშუშობდა საფრანგეთის სასარგებლოდ.
სანდრო ახმეტელი – დახვრიტეს 1937 წლის 29 ივნისს.
სანდრო ახმეტელი საბჭოთა რეჟიმმა დაადანაშაულა ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად.
ევგენი მიქელაძე – დახვრიტეს 1937 წლის 22 დეკემბერს.
ევგენი მიქელაძეს ბრალი დასდეს კონტრრევოლუციური ჯაშუშური ორგანიზაციის წევრობაში. დახვრეტამდე იყო უსასტიკესი წამების მსხვერპლი. დააპატიმრეს და გადაასახლეს მისი მეუღლეც.
პაოლო იაშვილი – 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის კიბეებზე თავი მოიკლა.
პაოლო იაშვილმა დაასწრო დაპატიმრებას. იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა მუდმივმა დევნამ და ბრალდებებმა, რომ იგი იყო დივერსანტი, ხალხის მტერი, ჯაშუში.
სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. საბჭოთა რუსეთის იმპერიამ გაანადგურა ქართული ინტელექტუალური ელიტა. საბაბი, როგორც წესი, იყო ერთი – ჯაშუშობა, დივერსანტობა, უცხო ქვეყნის აგენტობა…
წყარო პუბლიკა