დასავლელი მოკავშირეები უარს არ იტყვიან რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებაზე, მიუხედავად იმ მუქარისა, რომელიც კრემლიდან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მოდის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეიარაღების კონტროლის, განიარაღებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ალიანსის მე-18 ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი ისწრაფვის უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემისთვის ძირის გამოთხრისკენ იარაღის კონტროლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მნიშვნელოვანი ნაწილის იგნორირებით, დარღვევით ან მათზე უარის თქმით.
„ეს უპასუხისმგებლო ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ მოკავშირეებს უარი ათქმევინოს უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ ეს მცდელობები არ იმუშავებს, იმიტომ რომ ვერ დაგვაშინებს“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, განიარაღებასთან დაკავშირებით მთავარი შეთანხმებების დარღვევით და ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების მუქარით, რუსეთი ხდება საერთო უსაფრთხოების უშუალო საფრთხე.