“მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა…..რომელსაც უკრაინაზე მეტად სურს მშვიდობა”-დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, განცხადებები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მოუწოდებენ მოლაპარაკებისკენ, უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ რუსეთი არ არის მზად ნამდვილი მშვიდობისთვის.

დმიტრო კულება გერმანულ გამოცემა Die Welt-თან აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე, რათა მოკლას მეტი ადამიანი და დაიპყროს უკრაინის მეტი ტერიტორია, რაც კულებას თქმით, არ მიუთითებს მოლაპარაკების, აგრესიის დასრულებისა და უკრაინაში მშვიდობის აღდგენის სურვილზე.

“მთელ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინაზე მეტად სურს მშვიდობა, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ნამდვილი მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და მდგრადი”, – აღნიშნავს კულება.

მან განმარტა, რომ უკრაინული მხარე სწავლობს წარდგენილ სამშვიდობო წინადადებებს და მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, გაერო-ს წესდებას და გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციებს.

„არც უკრაინისთვის და არც დანარჩენი მსოფლიოთვის არ იქნება ნამდვილი მშვიდობა, თუ რუსეთი არ აგებს სრულ პასუხისმგებლობას ყველა თავის დანაშაულზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე და ყველა შემდგომ სამხედრო დანაშაულზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და გენოციდზე“, – აღნიშნა კულება.

მისი თქმით, ევროპისა და ატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი უკრაინის ბრძოლის ველებზე წყდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share