საქართველოში ხახვი, – ქართული სამზარეულოს არაერთი კერძის აუცილებელი ინგრედიენტი, – ამ გაზაფხულზე რეკორდულად გაძვირდა.
ამჟამად თბილისში, ქსელურ მაღაზიებსა თუ უბნის დახლებზე, ერთი კილოგრამი ხახვის ფასი საშუალოდ 5-დან 7 ლარამდე მერყეობს. ზოგან, რეგიონებში, გაცილებით ძვირიც კია.
„საგარეჯოში 10 ლარი მივეცი“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოფლის მეურნეობის ჯგუფში ფეისბუკზე.
შეიძლება, უფრო იაფადაც გადააწყდეთ – მაგრამ უფრო იშვიათად. „დღეს სამგორში მივეცი 3.5 ლარი“, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე, რაზეც ჯგუფში პასუხობენ: „ეტყობა, გაგიმართლათ. არსად აღარაა ეგეთი ფასი“.
სამეგრელოში, კერძოდ ჩხოროწყუში, კილოგრამის ფასმა 5 ლარს მიაღწია. „ვერ ვხვდები, რა მოხდა. ლარი, ლარ-ნახევარი მახსოვს საშუალო ფასი“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ადგილობრივი.
ხახვი ბევრი ადამიანისათვის შეუცვლელი ინგრედიენტია არაერთი, როგორც ტრადიციული ქართული, ისე უცხოური სამზარეულოს კერძის მომზადებისას, – დაწყებული მწვადითა თუ ლობიოთი, გაგრძელებული კიტრისა და პომიდვრის სალათით, კატლეტით, და დასრულებული ბურგერებითა თუ შაურმით, – რომ აღარაფერი ვთქვათ ხახვის შემწვარ რგოლებზე.
რეცეპტების ერთ-ერთ ქართულ, პოპულარულ ვებსაიტზე 2051 კერძი იძებნება, რომლისთვისაც ხახვია საჭირო.
რამ გააძვირა?
„საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხახვის გაძვირების მიზეზად ადგილობრივი პროდუქციის შემცირებას ასახელებს.
ახლა „ძველახლობაა“, – პერიოდი, როდესაც წინა წლის მოსავალი იწურება და ჯერ არც ახალია შემოსული. წინა წლებში, ადრე და შუა გაზაფხულზე, ხახვის ფასი ზოგჯერ ამ მიზეზით იმატებდა ხოლმე. თუმცა ახლანდელი ფასები რეკორდულია.
ადგილობრივი წარმოება
საქართველოში ხახვი ორი მეთოდით მოჰყავთ: თესლის გრუნტში თესვით (ინტენსიური მეთოდით) და ბოლქვების დათესვით (ექსტენსიური მეთოდით). ქვეყანაში ძირითადად თესლით მოყვანაა გავრცელებული, თუმცა დასავლეთ საქართველოში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ტრადიციულად, ბოლქვით მოჰყავდათ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლიდან საქართველოში ხახვის წარმოება იკლებს – 2020 წელს 11.6 ათასი ტონა იყო, 2021-ში – 8.4 ათასი ტონა, 2022 წელს კი 5.5 ტონამდე შემცირდა.
ძირითადი მწარმოებელი რეგიონი შიდა ქართლია.
ფასებს რაც შეეხება – მისი თქმითვე, ჩვეულებრივ, ადგილობრივი ხახვი დაახლოებით სამჯერ იაფია, ვიდრე იმპორტირებული.
იმპორტი
ყოველწლიურად საქართველოში საშუალოდ დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხახვი შემოაქვთ.
უფრო დეტალიზებული მონაცემები კი უჩვენებს, რომ იმპორტი იანვარ-თებერვალში წინა წლების მსგავსი იყო – 1.3 და 1 მლნ აშშ დოლარი, მარტში კი $350 ათასამდე შემცირდა.
შეცვლილია იმპორტიორი ქვეყნებიც: თუკი 2022 წლის I კვარტალში ხახვი თითქმის მთლიანად თურქეთიდან შემოვიდა, წელს I კვარტალში თურქეთის წილი (და რაოდენობაც) მკვეთრად შემცირდა – 99.8%-დან 12.3%-მდე, რუსეთისა კი ასევე მკვეთრად გაიზარდა – 0-დან 59%-მდე.
გარემოება, რომ თურქეთიდან ექსპორტის შეზღუდვის შემდეგ რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა, უჩვენებს, რომ საქართველო, მსგავსი სცენარის კვლავ განვითარების შემთხვევაში, ხახვის იმპორტითაც შეიძლება გახდეს რუსეთზე დამოკიდებული.
„დროებითია“
ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ხახვის ასე გაძვირება „არასწორი გათვლებისა და სხვადასხვა ბაზრის დაკეტვის შედეგია“, თუმცა ეს დროებითია და უახლოეს რამდენიმე კვირაში გაიაფებაა მოსალოდნელი:
დიდი სურათი
საქართველო ხახვის ექსპორტსაც აწარმოებს, თუმცა მინიმალურად – 2021 წელს ექსპორტმა $104 ათასი შეადგინა, 2022 წელს ნახევარი მილიონი დოლარი, წელს პირველ კვარტალში კი $141 ათასი. ხახვი საქართველოდან ძირითადად სომხეთში გადის – სავარაუდოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან.
ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ადგილობრივი მოთხოვნაც სრულად დააკმაყოფილოს და ექსპორტზეც იფიქროს – „თუკი იქნება შემნახველი მეურნეობები და სწორი დაგეგმარება“.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ადგილობრივები თავს იკავებენ ხახვის დიდი რაოდენობით ჭარბად წარმოებისგან, სათავსოების ნაკლებობაა, – თუკი სწრაფად ვერ გაყიდიან, პროდუქცია უფუჭდებათ.
„ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი შემნახველი და სასაწყობე მეურნეობების განუვითარებლობაა. მაშინ, როდესაც არის ჭარბმოსავლიანობა, პროდუქტის განთავსება უნდა მოხდეს შესაბამის ტემპერატურული რეჟიმის დაცვით“, – ამბობს ბეჟიტაშვილი და განმარტავს:
სპეციალისტის თქმით, ასოციაციებმა და სახელმწიფომ „საინფორმაციო მუშაობა უნდა გასწიონ, რათა ფერმერებმა იცოდნენ, რა მოხდა, რა მოლოდინებია, რათა უზრუნველყოფილ იყოს მათი პროდუქციის სტაბილური რეალიზაცია. თუ მათი მოლოდინები იქნება რეალობასთან ახლოს, ასეთი პრობლემები აღარ შეგვექმნება“, – ამბობს ბეჟიტაშვილი.
მწარმოებლებისთვის კიდევ ერთი რისკ-ფაქტორი ის არის, რომ მაღალ ფასებს მოსდევს ხოლმე ჭარბი პროდუქციის წარმოება სხვადასხვა ქვეყანაში, – იმ დროს, როცა მოთხოვნა არ იზრდება. ასეთ დროს იმპორტირებული ხახვი იაფდება და დიდ კონკურენციას უწევს ადგილობრივ პროდუქტს, – ეს უკანასკნელი აღარ იყიდება, ან იყიდება თვითღირებულებაზე ნაკლებად.
ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ფიქრობ, რომ „გარკვეულ პერიოდში, როდესაც ჩვენი მოსავალი არის ჭარბი, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მის რეალიზაციას და გარკვეული შეზღუდვები უნდა დააწესოს იმპორტზე, რათა ჩვენი პროდუქცია არ დარჩეს გაუყიდავი და ფერმერებს სამომავლოდ არ მოესპოთ მოსავლის მოყვანის სტიმული ისე, როგორც მოხდა შარშან: აღარავინ დათესა ხახვი და ჩვენ დავრჩით თითქმის სრულად იმპორტზე დამოკიდებული, რამაც გამოიწვია ის, რაც დღეს მივიღეთ“.
რადიო თავისუფლება