სამეგრელო-ზემო სვანეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ანზორ ქობალია აცხადებს, რომ მარტვილში ძაღლის მიერ დაკბენილი 22-დან 20-მა ადამიანმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა.
ერთმა კი თავისივე სურვილით ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის გაკეთების შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აუცრელობის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ანზორ ქობალიას ცნობითვე, კიდევ ერთი მოქალაქის მოძიება ჯერ ვერ მოხერხდა.
“ესენი ძირითადად ერთი დღის დაკბენილები არიან. მათ მაშინვე მიაკითხეს „ევექსის“ კლინიკას ადგილზე. კლინიკა მომარაგებული იყო შესაბამისი ვაქცინით. ამ ადამიანებს უტარდებათ მკურნალობის კურსი. დღეს მათ მესამე ნემსი გაუკეთდათ. მათ თავიდანვე დაენიშნათ სრული კურსი. იმიტომ რომ ჩვენ თავიდანვე გვქონდა ეჭვი, რადგან ამდენი ადამიანი ერთდროულად დაკბინა ძაღლმა… ჩვენ ეს ხალხი ყველა კონტროლზე გვყავს და ვეხმარებით ყველანაირად“, – უთხრა რადიო თავისუფლებას როზა ჯანაშიამ.