“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ვასო ურუშაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია ტრანსნაციონალური დანაშაულის გადალვით. კერძოდ, მისი თქმით, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლ-ცენტრები იღებენ მითითებებს, რომ სასწრაფოდ შეიცვალონ მისამართები.
“ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი და გრიგოლ ლილუაშვილის დაჯგუფება სუს-ში დაკავებულია ტრანსნაციონალური დანაშაულის გადამალვით, კერძოდ, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლ-ცენტრები იღებენ მითითებებს, რომ სასწრაფოდ შეიცვალონ მისამართები და გადავიდნენ მრავალსართულიან შენობებში სადაც არის მაღალი დაცულობა. ესენი შეიძლება იყოს საცხოვრებელი, ან ე.წ. ბიზნეს ცენტრები. მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ჩვენ, “ანტიკორუფციული მოძრაობა”, საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფები, ვფლობთ არაერთ მისამართს, სადაც არის განთავსებული თაღლითური ე.წ ქოლ ცენტრი და მათ ეშინიათ, ეშინიათ ჩვენი მოქმედებების, დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტური პროცესების, ეშინიათ პარლამენტში მიმდინარე მოვლენების, სადაც საუბარია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ეშინიათ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფების, რომლებიც სავარაუდოდ კვლავ იმყოფებიან საქართველოში და ცდილობენ მაქსიმალურად გადამალონ ეს დანაშაული”, – თქვა ვასო ურუშაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” იურისტი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ აუცილებელია გამოვლინდეს “ქოლ-ცენტრების” მფარველები. მისი თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემენ მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებს.